11-12-2018
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში მესაფლავეთა მიერ აღმოჩენილი მონეტები სხვადასხვა საუკუნით თარიღდება და სავარაუდოდ, ადგილობრივი ტაძრის საგანძური იყო - ამის შესახებ მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა გივი ელიავამ თქვა. მან მონეტები პოლიციაში წაღებამდე დაათვალიერა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
გივი ელიავას განმარტებით, საფლავის გათხრისას ნაპოვნი მონეტები სავარაუდოდ, მეშვიდე და მეათე საუკუნეებისაა. მუზეუმის დირექტორი ფიქრობს, რომ ეს არის ტაძრის საგანძური, რომელიც მღვდელმა ანტონ კეკელიამ გადამალა, როცა საბჭოთა პერიოდში ბანძის ტაძარს დანგრევის საფრთხე დაემუქრა. გივი ელიავა ამბობს, რომ არსებული ცნობების თანახმად, საგანძურს ანტონ კეკელია ქველმოქმედებისთვის იყენებდა.
მონეტები ნაპოვნია სწორედ საგვარეულო სასაფლაოზე, სადაც საფლავს თხრიდნენ ანტონ კეკელიას გარდაცვლილი შვილიშვილის დასაკრძალად.
ინფორმაცია, რომ სოფელ ბანძაში მესაფლავეებმა აღმოაჩინეს თიხის ქოთანი ოქროს და ვერცხლის მონეტებით, 10 დეკემბერს გავრცელდა.
მპოვნელებმა ნივთების ნაწილი საფლავის მფლობელ ოჯახს გადასცეს, ნაწილი კი გასაყიდად ქუთაისში წაიღეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო ნივთის ფარულად დაუფლების მუხლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სრულად ამოიღეს მპოვნელების მიერ თანხის სანაცვლოდ ქუთაისში ჩაბარებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები, რომლებიც ოჯახისთვის გადაცემულ მონეტებთან ერთად დაცულია ნივთმტკიცებების სპეციალურ ოთახში.