13-12-2018
სამცხე–ჯავახეთის ექვსი მერიიდან ხუთმა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოებში განხილვის შემდეგ დაამუშავა და განსაზღვრული ვადის მიხედვით, 10 დეკემბრამდე, საკრებულოებს დასამტკიცებლად გადაუგზავნა.
სამცხე–ჯავახეთში ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოდან დასამტკიცებლად პროექტის გადაგზავნას ამ დრომდე მხოლოდ ახალქალაქი ელოდება. შეკითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ახალქალაქის მერიაში პროექტის დამუშავება, მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი ვერ გვპასუხობს: „დავაბრუნებთ ალბათ 15 დეკემბრამდე“, – გვითხრა მან. ახალქლაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 9 000 000 ლარი იქნება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის პროექტი შვიდ დეკემბერს დაუბრუნა. მერიას შენიშვნების გათვალისწინებაზე არ უმუშავია, რადგან საკრებულოს დეპუტატებს განხილვისას შენივშვნები არ ჰქონდათ. „განხილვებს აღარ მოვაწყობთ, კომისიებში გავივლით პროექტს და ალბათ დავამტკიცებთ 25 დეკემბრამდე“, – ამბობს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე. ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 15 900 000 ლარია.
25 დეკემბრამდე გეგმავს ბიუჯეტის დამტკიცებას ასპინძის საკრებულოც. დეპუტატები მერიას სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯების ნაწილში თანხის დამატებას სთხოვდა. „ახლა დავიწყეთ კომისიებში განხილვები, ჯერ არ ვიცით ისევ მოგვიწევს თუ არა მერიისთვის ბიუჯეტის მიბრუნება“, – გვითხრა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა მელიქიძემ. ასპინძის მომავალი წლის ბიუჯეტი 4 000 000 ლარია.
შესწორებების გათვალისწინებით, მერიიდან მიღებული პროექტის განხილვა მიმდინარეობს ადიგენის საკრებულოს კომისიებშიც. „ეს პროცესი რომ დასრულდება მერე გვეცოდინება ვაბრუნებთ მერიაში პროექტს ისევ თუ არა“, – ამბობს ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი. ადიგენის 2019 წლის ბიუჯეტი 5 085 000 ლარია.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე დაუბრუნა საკრებულოს ნინოწმინის მერიამაც. აქ საკრებულოს, აღმასრულებელ ორგანოსთან შენიშვნები არ ჰქონია. ნინოწმინდაში ბიუჯეტი 5 600 000 ლარი იქნება.
ჩამოთვლილი საკრებულოებიდან ერთადერთი ბორჯომის საკრებულოა, რომელმაც ზუსტად იცის, რომ დამტკიცებამდე მერიას ბიუჯეტს კიდევ ერთხელ
მიუბრუნებს, რადგან შენიშვნების ნაწილი მერიას გათვალისწინებული არ აქვს. „მაგალითად ერთ–ერთი იყო სოცილური მომსახურების ბიუჯეტის გაზრდა, რაც საერთოდ არ მომხდარა და ამას კვლავ მოვითხოვთ. დანარჩენ საკითხებზე კიდევ ვმუშაობთ და ჯერ ვიცი ზუსტად რომელ მუხლზე მოვითხოვთ შესწორებას“, – ამბობს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 18 000 000 ლარზე მეტი იქნება.
საკრებულოებმა მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კანონის მიხედვით 28 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცონ.