21-04-2019
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
გახარიას განცხადებითვე, ადგილობრივების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ჰესის მშენებლობა დროებით შეჩერდება, ხეობას კი სპეცრაზმი დატოვებს და იქ მხოლოდ პოლიციელები დარჩებიან.
"ყველა უნდა დავწყნარდეთ და ამის შემდეგ უნდა გავარკვიოთ, ვის რა შეგვეშალა, ვინაა დამნაშავე. ახლა ვჩერდებით და ვაგრძელებთ ლაპარაკს. ხოლო თუ ვინმე ზღვარს გადავიდა და კანონი დაარღვია, ეს ცალკე საკითხია", - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ჰესის მშენებლები მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.
"რაზეც მოსახლეობა შეთანხმდება, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ქვების სროლა არ არის გამოსავალი. უნდა დავწყნარდეთ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ძმობასა და საუკუნოვან ურთიერთობას შეეფერება. მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო.
ჩვენ მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რაც სარგებელს მოუტანს როგორც პანკისის მოსახლეობას, ისე - მთელ ქვეყანას. ჩვენი შეთანხმება არის ძალიან მარტივიც და ამავდროულად რთულიც", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ყველა, ვინც შსს-ს თანამშრომლებზე იძალადა, სათანადოდ აგებს პასუხს.
"კომპანიის წარომადგელები გააგრძლებენ საუბარს და სანამ არ მიიღებენ მხარდამჭერთა კონკრეტულ რაოდენობას, მოლაპარაკებებს არ შეწყვეტენ.
შსს დარჩება ხეობაში და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას დაიცავს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ დროისათვის ჰესთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება", - განაცხადა მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, ჰესი აშენდება მაშინ, როცა პროექტთან დაკავშირებით მხარდამჭერთა რაოდენობა მოსახლეობის 90% იქნება.