21-04-2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მინისტრმა მათთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში.
"დღევანდელი შემთხვევა იყო ძალიან მძიმე ყველასთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს შემთხვევა იყო უმძიმესი ხეობის მოსახლეობისთვის და საქართველოს პოლიციისთვის. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ აი ამ უხუცესი ადამიანების სიბრძნის და სახელმწიფოს თმენის ვალდებულების გათვალისწინებით, ჩვენ მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მოუტანს სარგებელს ამ კონკრეტულ ხეობას, კონკრეტული სოფლების მცხოვრებლებს, ასევე, გააძლიერებს ჩვენს მეგობრობას მომავალში და ჩვენს ძმობას, ერთიანი, განუყოფელი საქართველოს მშენებლობისათვის. რაც შეეხება ჩვენს შეთანხმებას, ჩვენი შეთანხმება არის ძალიან მარტივიც და ამავდროულად, რთულიც, მაგრამ მიღწევადი და პრაგმატული.
რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონის სრული შესაბამისობით აგებს პასუხს - ეს ერთი. მეორე - ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარს და სანამ მხარდამჭერის კონკრეტულ, ზღვრულ რაოდენობას არ მიაღწევენ, ისინი ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში გააგრძელებენ მათთან საუბარს. თუმცა, აქ არის კიდევ რამდენიმე სხვა პროექტი, რომელზეც აქტიურად დაიწყება მუშაობა. ამასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავს სრულად მართლწესრიგს და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას. ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარი და მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ და ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.