19-05-2019
"მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობა არაფრისაგან თემების შექმნისა და ამ მცდელობას მთელი დღეა ვაკვირდებით, ზუგდიდში სხვა მუნიციპალიტეტებისაგან განსხვებით არჩევნები ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს, თუმცა ყველაფერი ნორმის ფარგლებშია", - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მინისტრის თქმითვე, მან რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის შეფასება მოისმინა, არის პრობლემები, მაგრამ "არაფერი მნიშვნელოვანი".
"ზუგდიდში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ექნებათ საშუალება, აირჩიონ თავიანთი ქალაქის მერი.
მეგრელებს სტუმარმასპინძლობას ვერავინ გვასწავლის, ყველას ვუმასპინძლებთ, მაგრამ ჩამოსული ხალხი სახლში წავა, ზუგდიდელები კი თავიანთ ახალ მერთან დარჩებიან.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, მათი აღჭურვილობის ძირითადი მიზანი მართვა და მართლწესრიგის შენარჩუნებაა.
როდესაც ერთ პატარა ქალაქში მშვიდი გარემოა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები გადაადგილდებიან და ეს მათი უფლებამოსილებაა.
რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის ქმედებას - თქვენ, ფაქტობრივად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დეპარტამენტის თანამშრომლებს თავს დაესხით და ისინი მოთმინებით გიყურებდნენ. ამას, სხვათა შორის, შესაძლოა, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს.
ზუგდიდში ყველაფერი წყნარად და მშვიდად მიდის, ზოგიერთი პარტიის ზოგიერთი ლიდერი კი შორიდან, ძააალიან შორიდან იმუქრება", - განაცხადა მინისტრმა.