26-05-2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურში აღნიშნა, სადაც ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს დაესწრო და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია დაათვალიერა.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სამინისტროს მიერ რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში არაერთი ღონისძიება გაიმართა, დამთვალიერებლებისთვის 10 პავილიონი მუშაობს - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ იქნა ინოვაციური შემეცნებითი კუთხე, ბავშვებისა და მოზარდებისთვის სხვადასხვა სახის და შინაარსის მასტერკლასები და ვორქშოფები. დღის განმავლობაში ასევე იმართება ლექცია/სემინარები სხვადასხვა თემაზე, წარმოდგენილია ვირტუალური ლაბორატორია და ა.შ.
ნიკოლოზ ალავიძემ ადგილობრივებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს მთელ საქართველოს, საქართველოს ყველა გულშემატკივარს! ეს უნიკალური დღეა პირადად ჩემთვის და აქ, ამბროლაურში ყოფნისას ეს ემოცია გაათასმაგებულია. დღეს ჩვენ ვნახეთ მომავალი საქართველოსი, რომელიც აქ ძალიან ნათლად, ძალიან მკვეთრადაა წარმოდგენილი. ეს არის უდიდესი დღე, უდიდესი დღესასწაული და ამაზე უკეთესად მისი აღნიშვნა წარმოუდგენელია!“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საზეიმო ღონისძიებებში მონაწილე სტარტაპერებს, ახალგაზრდებს, რომელთაც საკუთარი გამოგონებები წარმოადგინეს, მათ შორის ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში.
„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით შექმნილი გამოგონებები სასწაულია! ამ ბავშვების მიერ შექმნილი და წარმოდგენილია ინოვაციური გამოგონებები, თან ძალიან ფუნქციური, გამოყენების მაღალი პოტენციალით, რომლებიც ძალიან მალე მსოფლიოს მასშტაბით დაინერგება და მათ დაეწერება, რომ გამოგონებულია და შექმნილია საქართველოში საქართველოს მომავალი თაობის მიერ“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე დაათვალიერა ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა/გაყიდვასაც და მას მაღალი შეფასება მისცა. ნიკოლოზ ალავიძის თქმით, რაჭას აქვს უდიდესი პოტენციალი, რომელიც ძალიან გეგმაზომიერად და ძალიან გააზრებულად ვითარდება. „რაჭა სულ მალე მართლაც გლობალური მასშტაბით ერთ-ერთ საინტერესო და უდიდესი ტურისტული პოტენციალის მხარედ იქცევა“ - აღნიშნა მან.