29-05-2019
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით, შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო პროექტს „ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელების მხარდაჭერა და შესაძლებლობების ზრდა საქართველოში, ფოკუსირებული სახიფათო და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვაზე, ასევე, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებზე 2016-2019 წლებისთვის" ახორციელებს.
პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ორგანიზაციის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ბათუმში, სასტუმროში „ინტურისტი“, 5 დღიანი სწავლება გაიმართა.
მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა - „მნიშნველოვანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობას შორის არსებული თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება, რათა მოხდეს თანამედროვე გარემოსდაცვითი მიდგომების გაცნობა და შემდგომში ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრება. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის დირექტივების ჰარმონიზებას და განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში. ვიმედოვნებთ შვედეთის მთავრობასთან ახალი პროექტების განხორციელებისათვის კვლავაც ვითანამშრომლებთ.“
სამუშაო შეხვედრაზე სახიფათო ნივთიერებებით დაბინძურებული ადგილების ინვენტარიზაციის და რისკის შეფასების მეთოდოლოგიაზე იმსჯელეს, რომელსაც იყენებს შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო.
შვედმა ექსპერტებმა მეთოდოლოგიის გამოყენების თეორიული და პრაქტიკული მაგალითები გააზიარეს. ასევე ექსპერტებმა, მონაწილეებს შვედეთის გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და ინსტიტუციური მოწყობაც გააცნეს.
მრავალ აქტუალურ თემასთან ერთად, სასწავლო კურსი ასევე ითვალისწინებდა საწარმოო ტერიტორიაზე სინჯების აღებას.