11-06-2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 11–იდან 16 ივნისის ჩათვლით, სამცხე–ჯავახეთში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსამდე მიაღწევს.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა, კვირის განმავლობაში ქარი, წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი.
უფრო კონკრეტულად, 11 ივნისს სამცხე–ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც, თუმცა ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და ბარში +29 - +32 გრადუსი იქნება, ხოლო რეგიონის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ჰაერი, +20 - +25 გრადუსამდე გათბება.
12 ივნისს დღის ბოლოს და 13 ივნისს სინოპტიკოსები დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმას და სეტყვას ვარაუდობენ.
“ვერ ვიტყვით, რომ იქნება ძლიერი, თუმცა სეტყვა იქნება. ამავე პერიოდში, რეგიონის მასშტაბით, ქარის მიმართულება შეიცვლება და დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს. ამასთან, შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება, თუმცა უმნიშვნელოდ“, – ამბობს დოდო გვაზავა.
რაც შეეხება კვირის ბოლო დღეებს, 14, 15 და 16 ივნისს სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და სეტყვა.