12-07-2019
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქ ბათუმში, „ბენზეს“ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ და ჩასახლებაში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს.
დევნილებთან შეხვედრების შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვებისათვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება „მე ვარ აფხაზეთი“ მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში მოზარდებისთვის აფხაზეთიდან დევნილი და ბათუმელი მხატვრების ხატვისა და კალიგრაფიის მასტერკლასები ჩატარდა, ასევე ბავშვების მონაწილეობით ინტელექტუალურ-შემეცნებითი ვიქტორინა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული როკ-ჯგუფის კონცერტი და სენაკის თოჯინების თეატრის სპექტაკლის ჩვენება მოეწყო. ჩასახლებაში მცხოვრები მოზარდების ხალისიან განწყობაზე ანიმატორებმა და სხვადასხვა ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. მოზარდებს საჩუქრად ჟურნალები „რიწა“ და „იალქანი”, გენო კალანდიას, აზა ბასლანძის პოეტური კრებულები და ტკბილეული დაურიგდათ.