7-09-2019
საქართველოში ოქრო გაძვირდა. უმაღლესი ხარისხის ოქროს ფასმა გრამზე დაახლოებით 20 ლარით მოიმატა.
უკვე მეორე თვეა, რაც ბაზარზე ოქროს ფასის ზრდა ფიქსირდება. სპეციალისტების შეფასებით, ამის მიზეზი გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებია, რაზეც საბოლოოდ ლარის კურსმაც იმოქმედა.
"ინფო რუსთავი" რუსთავის ე.წ. ოქროს ბირჟაზე არსებული მდგომარეობით დაინტერესდა და ძვირფასი ლითონის ნაკეთობებით მოვაჭრე რამდენიმე ადამიანს ესაუბრა.
როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, რუსთავში ფასის ცვლილება ოქროს სამკაულებზე ჯერ არ ასახულა, თუმცა უახლოეს მომავალში აუცილებლად აისახება.
"დოლარის კურისის ცვლილებამ გამოიწვია ოქროს გაძვირება. ჩვენ ჯერ არ გაგვიძვირებია, თუმცა ამის გაკეთება მალე მოგვიწევს. ამჯერად რასაც აქ ხედავთ, ამ ნაკეთობებში ძველი შესყიდვის ფასი გვაქვს გადახდილი , მალე მოგვიწევს მომატებული შესყიდვის ფასის გადახდა და ნაკეთობებსაც გავაძვირებთ", - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
ოქროს გასაყიდ ფასთან ერთად, გაიზარდა ჩასაბარებელი ფასიც და მოვაჭრეებისთვის მისი ღირებულება 55-დან 68 ლარამდე მერყეობს.