18-10-2019
მიმდინარე წელს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხინოს ნაეკლესიარის რეაბილიტაცია გაგრძელდა. მეორე ეტაპის სამუშაოები მოიცავდა ნაეკლესიარის გალავნის, მინაშენისა და სამარხების საკონსერვაციო სამუშაოებს.
სამონასტრო კომპლექსი მოიცავს IX საუკუნის ტაძარს სამხრეთის მინაშენით, რომელსაც სრულად ჰქონდა ჩაქცეული გადახურვა და თაღკამაროვანი სისტემა, ამ ნაწილზე 2017 წელს ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები (ბიუჯეტი 92 000 ) რის ფარგლებშიც მოხდა ტაძრის კედლების გამაგრება, ნაწილობრივი რესტავრაცია და კონსერვაცია.
ტაძრის რეაბილიტაციაზე მუშაობდა ტენდერში გამარჯვებული „სამშენებლო სარესტავრაციო კომპანია“. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 70 000 ათასი ლარი დაიხარჯა.
დასრულებული სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა დაათვალიერეს.
ხინოწმინდის ეკლესია მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ქობულეთიდან 45 კმ-ის დაშორებით. ეკლესია, სავარაუდოდ, IX საუკუნეშია აშენებული. ისტორიული ცნობები ხინოს შესახებ პირველად ვახუშტი ბატონიშვილთან გვხვდება. ტაძარი მე-18 საუკუნეში ოსმალების შემოსვლის დროს დაინგრა, ნაწილობრივ დანგრეულ ეკლესიას მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მიწისძვრა დაემატა.