გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს

2-12-2019

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს. ამის შესახებ ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ზოიძის თქმით, ის პოლიტიკიდანაც მიდის.

„ორი კვირის წინ ვთქვი, რომ პრაგმატული პოლიტიკის გონებით მესმის, მაგრამ გულით არა, ხოლო უგულოდ არცერთი საქმის კეთება კარგად არ გამოსდის ადამიანს, მათ შორის პოლიტიკის. მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური პრიცესი მკვეთრად პოლარიზებულია, რაშიც ჩემს წილ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. პასუხისმგებლობას უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ვერ შევძელით კოლეგების ნაწილის დარწმუნება, რომ მიუხედავად გარკვეული რისკებისა, 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადასვლას და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფდა, ისევე როგორც მტკიცედ მჯერა, რომ ამავე შედეგს მოგვიტანდა ამ თემაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება, რაშიც ასევე ვერ შევძელი ჩემი თანაგუნდელების დარწმუნება.

იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკა ჩემთვის ყოველთვის მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალება იყო - ანუ ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიკეთო საქმეების საკეთებლად, ხოლო ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში პოზიტიური რეფორმების გატარება ჩემი აზრით, ნაკლებსავარაუდოა, - ჩემს ადგილს დღევანდელ საჯარო პარტიულ პოლიტიკაში და შესაბამისად პარლამენტში ვეღარ ვხედავ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვისთან ერთადაც ჩემი ცხოვრების სამი წელი გავატარე საქართველოს პარლამენტში და ერთად შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმების გატარება, რომელთაგან სამი ჭეშმარიტად საშვილიშვილოა: ახალი კონსტიტუცია, რომლითაც შეუძლია იამაყოს ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, თამბაქოს კონტროლის კანონი, რომლის წყალობითაც გავთავისუფლდით კვამლისგან საჯარო სივრცეებში და რომელმაც უკვე გადაარჩინა ასობით ადამიანი და მომავალში გადაარჩენს ათეულობით ათას ადამიანს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაკარგვისგან, და დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამუშავება, რომელიც ჩვენი შვილებისთვის იქნება ღირსეული სიბერის გარანტია, რომ მათ საპენსიო ასაკში აღარ მოუწიოთ დღევანდელი პენსიონერების დიდი ნაწილის მსგავსად არსებობისათვის ყოველდღიური ბრძოლა. ასევე მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს და მხარდამჭერს, რომელთაც შემიმსუბუქეს პოლიტიკოსის ტვირთი, რომელიც განსაკუთრებით მძიმეა ქართულ რეალობაში.

ცუდია, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა და ძალისხმევისა, რიგი ბარიერების გამო, ვერ შევძელით თანამოაზრეებთან ერთად ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის გატარება, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლად ბოლომდე მისაყვანია, რათა ათეულ ათასობით ახალგაზრდის საზოგადოებაში ინტეგრაცია უზრუნველყოთ. ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილის მიუხედავად ვერ დავეხმარე, ან უნებურად (მიზანმიმართულად და შეგნებულად არასდროს) გული ვატკინე სიტყვით ან საქმით.

და ბოლოს, ვრჩები რა ერთგული იმ ფასეულობებისა, რომლის გამოც შევუერთდი „ქართულ ოცნებას“ 2016 წელს, ასევე ვუსურვებ ჩემს თანაგუნდელებს, რომ ბოლომდე შეინარჩუნონ ეს ფასეულობები და მზად ვარ გვერდში ამოვუდგე მათ ქვეყნისთვის სასიკეთო ნებისმიერ საქმეში, განსაკუთებით კი ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის რეფორმებში, რომლებშიც მჯერა, რომ ჩემი ექსპერტული წვლილის შეტანა შემიძლია ახალ (ძველ) ამპლუაში“, - წერს ზოიძე Facebook-ზე.

რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი პლებისციტზე 2020 ან 2021 წლის არჩევნებზე დადგება. ამის შემდეგ ზოიძემ დააანონსა, რომ პოლიტიკიდან წასვლის ან დარჩენის საკითხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებდა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების ინიციატივით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გამოვიდა. მანამდე კი დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანას სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა შესთავაზა

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა. 

imedinews.ge