23-12-2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა. მოსწავლეებთან ერთად, მინისტრის მოადგილე სკოლაში მიმდინარე პროფესიული უნარების კურსებს გაეცნო და სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულებს ტანსაცმლის დიზაინის, ელექტროობისა და კულინარიის კურსების წარმატებით გავლისთვის, სერტიფიკატები გადასცა.
საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა, რომელიც პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში 2017 წელს ჩაერთო, მიღწეული შედეგებით, პროგრამაში ჩართულ 600-მდე სკოლას შორის ერთ-ერთი გამორჩეულია.
სკოლის ბაზაზე მიმდინარე პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსებზე მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ საფუძვლიანი ინფორმაცია მათთვის სასურველ პროფესიაზე, ამასთანავე განივითარონ პროფესიული უნარები და სკოლაში მოწყობილ მცირე „პროფესიულ ლაბორატორიაში“ საკუთარი ძალები მოსინჯონ ერთდროულად 7 პროფესიაში: ელექტროობა, კონდიტერია, კულინარია, ხის დამუშავება და სადურგლო საქმიანობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საექთნო საქმე და ტანსაცმლის დიზიანი/კერვა.
ხაზგასასმელია, რომ პროგრამაში სკოლის წარმატებული ოპერირების შედეგად, სკოლას მიეცა შესაძლებლობა განახორციელოს პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკატო კურსებიც მე-10-12 კლასის მოსწავლეებისთვის. კურსების ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ პირველი ნაბიჯები გადადგან პროფესიაში და საფუძვლიანად შეისწავლონ პროფესიის ვიწრო ასპექტები.
მინისტრის მოადგილის თქმით, პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა ძალიან დიდ როლს ასრულებს არამხოლოდ პროფესიული ორიენტაციის სერვისების განვითარებისა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიმართულებით, არამედ ის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პროფესიულ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის პირველ მასშტაბურ ინიციატივას წარმოადგენს, რაც ყოველთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა.