2-03-2020
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში 7 წლის ბავშვს აკვირდებიან. ის მშობლებთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა, საიდანაც ერთი კვირის წინ დაბრუნდა. მედიკოსების ინფორმაციით, ბავშვს შემოწმებისას დაბალი ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც ინფექციურში გადაიყვანეს.
ამ ეტაპზე საავადმყოფოში ბოლო დღეებში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ექვსი პაციენტია მოთავსებული და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.