16-03-2020
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბავრასთან ახლოს მდებარე ტბაში, რომელსაც ადგილობრივები „ბეგკაგს“ ეძახიან, თევზი მასიურად 10 მარტს გამოირიყა.
ხოსპიოს თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ედიკ ბერიკიანი და მერიის წარმომადგენელი, ვალენტინ ღარსლიანი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.
„10 მარტს ადგილობრივი კარაპეტ კარსლიანი და ვლადიმერ პეტროსიანი მისულან იმ ტბასთან, ახლოს მდებარე ყანების სანახავად. შეუმნჩნევიათ რომ ტბაში თევზი გამოირიყა. ეგრევე დაგვიკავშირდნენ მე და ედიკ ბერიკიანს, მაგ დღეს ვერ შევძელით ასვლა, იმიტომ, რომ სოფლის ერთ-ერთი ახალგაზრდა იმყოფება საავადმყოფოში და ჩევენ ყველანი იქ ვიყავით. მეორე დღეს მივედით და მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და გარემოს დამცველებს. ჯერ-ჯერობით ჩვენც არ ვიცით მიზეზი რა მოხდა, მხოლოდ იმას ვვარაუდობთ, რომ ჟანგბადის ნაკლებობა შეიძლება იყოს“,- გვითხრა ხოსპიის თემის მერის წარმომადგენელმა, ვალენტინ ღარსლიანმა.
„სურსათის სამსახურმა და გარემოსდამცველებმა აიღეს, როგორც წყლის ისე თევზის ნიმუშები. ვარაუდი ბევრია, შეიძლება ჟანგბადის ნაკლებობა იყოს, შეიძლება დაავადება, შეიძლება ვინმე ქლორი დაასხა. საბოლოო პასუხს ველოდებით სპეციალისტებისგან. შესწავლა მიმდინარეობს და შედეგიც ცნობილი იქნება. მერიაც და საკრებულოს თავმჯდომარეც მზად არიან დაგვეხმარონ, ველოდებით გარემოს დამცველების შემოთავაზებას თუ რა უნდა გაკეთდეს“,- ამბობს ხოსპიას თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ედიკ ბერიკიანი.