23-03-2020
ვანში, სოლომონ მეორის ქუჩაზე მცხოვრები სიმონიები სამართალდამცველებს მამაკაცის მკვლელობაში ადანაშაულებენ. თეონა სიმონიას თქმით, მისი მეუღლე 13 მარტს საბერძნეთიდან ჩამოვიდა, ის აეროპორტიდან სახლში გაუშვეს. 17 მარტს ღამით, ოჯახში შევიდა ვანის პოლიცია, ჩატარდა ჩხრეკა და 29 წლის შალვა სიმონია განყოფილებაში წაიყვანეს. მას ბრალად ვანში მარკეტის დაყაჩაღება ედებოდა.
18 მარტს სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა, ოჯახის თქმით, მას სხეულზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. 19 მარტს კი სიმონიების ადვოკატს დაუკავშირდა გამომძიებელი და უთხრა, რომ დაკავებულმა თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მოგვიანებით, კი ოჯახს აცნობეს, რომ დაკავებული სამტრედიის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის მეუღლეს გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. თეონა სიმონიას თქმით, მამაკაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ყელის არეში ნაჭდევი არ აქვს, რაც მისი თქმით, თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. თეონა სიმონიას მტკიცებით, მათ ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ და მისი მეუღლე თავს არ მოიკლავდა. მისივე ინფორმაციით, მამაკაცი ეპილეფსიით დაავადებული იყო და მას დაზიანება აქვს თავის არეშიც.
ოჯახი მომხდარში ვანის და სამტრედიის პოლიციას ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, სხეულს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ახლა სამართლის დადგენაში დახმარებას ითხოვენ. მათივე ინფორმაციით, 20 მარტს სამტრედიის სასამართლომ საქმეში მტკიცებულებების არარსებობის გამო შალვა სიმონიას აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შევიდა პოლიცია 17 მარტს, ღამით სიმონიების ოჯახში ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივ განყოფილებაში კომენტარს არ აკეთებენ.