სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2018 წლის 16 თებერვალს გამოქვეყნებული დასკვნით, 2015-2016 წლებში, ბალანსზე რიცხული ავტომანქანების გარდა, ლანჩხუთის გამგეობას იჯარით ჰქონდა ნაქირავები 2 კერძო ავტომანქანა. მათ შორის, ერთ-ერთი ავტომობილი პირადად გამგებლის საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო მეორე გამგებლის მამას - ილია ურუშაძეს ეკუთვნოდა. იჯარის ხელშეკრულებების თანახმად, გამგეობა უზრუნველყოფდა ავტომანქანების მოვლა-პატრონობის ხარჯებს.
აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამგებლის კუთვნილი ავტომანქანა Volkswagen Passat-ისთვის 2016 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით არ ფიქსირდება საწვავის გამოყენება, თუმცა ამავე პერიოდშიავტომანქანაზე ბიუჯეტის ხარჯით შეცვლილია საბურავები, გამოცვლილია ზეთი, ანტიფრიზი და სხვა. შესაბამისად, შესაძლოა საბიუჯეტო თანხა ისე დაიხარჯა, რომ ავტომანქანის გამოიყენება არ მომხდარა მუნიციპალიტეტის საჭიროებებისთვის.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებით დაირღვა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნა, რომელიც თანამდებობის პირს უკრძალავს ქონებრივი გარიგების დადებას იმ საჯარო დაწესებულებასთან, სადაც მას თანამდებობა უკავია.
აუდიტის მასალების თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 2015 წელს ბალანსზე ერიცხებოდა 7 ავტომანქანა, 2016 წელს კი 8 ავტომანქანა, რაც მთავრობის მიერ რეკომენდებულ ზღვრულ რაოდენობას აღემატებოდა. აღნიშნული ავტომანქანების მოვლა-შენახვისათვის ორი წლის განმავლობაში დაიხარჯა 172 100 ლარი.