20-02-2018
ზესტაფონში მცხოვრები, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მერს კორუფციაში ადანაშაულებს და მის იმპიჩმენტს ითხოვს.
გოგლიჩიძის განმარტებით, კახაბერ მახათაძის გარემოცვა „სილიკომანგანუმის“ ქერქულ ნარჩენებს, მძიმე ტექნიკით ღამით, ჩუმად და უკანონოდ მოიპოვებს. გოგლიჩიძე მოითხოვს, შს მინისტრმა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა პირად კონტროლზე აიყვანონ ეს საქმე, დაიწყოს მოკვლევა და გამოთქვამს მზადყოფნას დაიკითხოს ამ თემაზე.
,,ფაქტთან დაკავშირებით მერთან შესული იყო საკრებულოს წევრი და უთხრა, რომ უკანონობა აღეკვეთა. ამის ნაცვლად, მერიის გარემოცვამ გაძლიერებული ძალებით დაიწყო ქერქული ნარჩენების მოპოვება", - აცხადებს გოგლიჩიძე.
გოგლიჩიძის ბრალდებებს უპასუხა მერის პირველმა მოადგილემ დავით ჩირგაძემ და განაცხადა, რომ ის ცრუობს. დავით ჩირგაძის განცხადებით, ლიცენზიის გაცემა მოპოვებასთან დაკავშირებით მათი კომპეტენცია არ არის.
"ინტერპრესნიუსი"