გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მარიამ ქვრივიშვილი: 2024 წელს საქართველო 10,5 მლნ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლებს, ხოლო ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება

2-10-2020

„მომდევნო 4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენას, გაძლიერებას და ქვეყანაში მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვას. შედეგად, 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს 10,5 მლნ საერთაშორისო მოგზაურს და ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება,“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის ოცეულის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, გაგრძელდება სამიზნე ქვეყნების დივერსიფიცირება, რის საფუძველზეც მეზობელი ქვეყნების საბაზრო წილი შემცირდება 70 პროცენტამდე, ხოლო ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა შორი მანძილის ქვეყნების საბაზრო წილი გაიზრდება 30 პროცენტით.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შედეგად ქვეყანაში შემოვა კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტი, რაც აისახება ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე და რა თქმა უნდა, ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მოხდება ტურიზმის ინდუსტრიის საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, რაც ხელს შეუწყობს ინდუსტრიის მდგრად განვითარებას, მომსახურების დონის გაუმჯობესებას და ჩვენი კერძო სექტორის გაძლიერებას.

მისი თქმით, სახელმწიფო განაგრძობს ტურიზმში დასაქმებულთა და დასაქმების მსურველთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების გაფართოვებას ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობისთვის და მომსახურების დონის გაუმჯობესების მიზნით.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე შეაჯამა საქართველოს სამთო კურორტებზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული მშენებლობები.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებას, რის შედეგადაც მათი ვიზიტორების რიცხვი შვიდჯერ გაიზარდა. მისივე თქმით, აშენდა 30-მდე ახალი საბაგირო გზა, გაიხსნა ახალი კურორტები, მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გუდაურსა და ბაკურიანში.

„ყველა კურორტი აღიჭურვა თანამედროვე სპეცტექნიკით და რაც მთავარია ჩვენი დამსვენებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოთხილამურე პატრულის მიმართულება შეიქმნა,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მომდევნო წლებში საქართველოში კურორტების მართვის ახალი სისტემა შეიქმნება, სამთო კურორტებზე სათხილამურო ინფრასტრუქტურა კი კიდევ უფრო განვითარდება.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, ტურიზმის სფეროში უპრეცედენტო წინსვლა დაფიქსირდა: 4,7 მილიონიდან 9,4 მილიონამდე გაიზარდა შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა; 2,5-ჯერ, ფაქტობრივად, 2 მილიარდით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და 2019 წელს გაუტოლდა 3,3 მილიარდ აშშ დოლარს. შედეგად, ტურიზმის წილმა ქვეყნის ეკონომიკაში 8%-ს გადააჭარბა, ასევე 150 ათასზე მეტი ადამიანი ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმდა.