გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი გახარია: მოქალაქეების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება, რაც ვნახეთ ბათუმში, უაღრესად უპასუხისმგებლო ქმედებაა

17-10-2020

როდესაც მარტვილში ვიმყოფებით, პირველი, ვინც გვახსენდება დიდი მწიგნობართუხუცესი, დიდი გიორგი ჭყონდიდელია, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ეს საქართველოს სიძლიერის განსახიერებაა, რა თქმა უნდა, ამბროსი ხელაიასთან ერთად და ამ დიდი წინაპრების გზის გაგრძელება თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მარტვილში, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ - მინისტრის თქმით, მარტვილი ყოველთვის გამორჩეული კუთხე იყო სამეგრელოშიც და საქართველოშიც, პირველ რიგში განსაკუთრებული ნიჭის ადამიანებით და იმით, რომ ამ კუთხემ უამრავი საზოგადო მოღვაწე აჩუქა ჩვენს ქვეყანას - ღირსეულია ადამიანები, რომლებიც ღირსეულად ემსახურებოდნენ ქვეყნის განვითარებას.

„მოგესალმებით, მარტვილელებო, მართლაც გამორჩეული კუთხის გამორჩეულო შვილებო. არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც მარტვილში ვიმყოფებით, პირველი, ვინც გვახსენდება დიდი მწიგნობართუხუცესი, დიდი გიორგი ჭყონდიდელია, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ეს საქართველოს სიძლიერის განსახიერებაა, რა თქმა უნდა, ამბროსი ხელაიასთან ერთად და ამ დიდი წინაპრების გზის გაგრძელება თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, პასუხისმგებლობა პირველ რიგში ჩვენი წარსულის, მაგრამ კიდევ უფრო პასუხისმგებლობა ჩვენი მომავლის, მომავალი თაობის წინაშე.

მარტვილი ყოველთვის გამორჩეული კუთხე იყო სამეგრელოშიც და საქართველოშიც, პირველ რიგში განსაკუთრებული ნიჭის ადამიანებით და იმით, რომ ამ კუთხემ უამრავი საზოგადო მოღვაწე აჩუქა ჩვენს ქვეყანას - ღირსეულია ადამიანები, რომლებიც ღირსეულად ემსახურებოდნენ ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნისთვის და მარტვილისთვის მნიშვნელოვანი ბევრი საქმეა დაწყებული, რომელიც ერთად უნდა გავიყვანოთ ბოლოში.

„როდესაც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ვართ და მომავალზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ყოფით თემებზეც უნდა ვისაუბროთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველა ვხედავთ, პროგრესი სახეზეა, - ასე თუ ისე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ბევრი რამ კეთდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რემონტისთვის, მიმდინარეობს როგორც სასმელი, ისე საირიგაციო წყლის მოწესრიგების პროცესი, კიდევ ბევრი გვაქვს გასაგრძელებელი ერთად. ქვეყნისთვის და მარტვილისთვის მნიშვნელოვანი ბევრი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც ერთად უნდა გავიყვანოთ ბოლოში. უნდა დავასრულოთ მარტვილის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება და არა მხოლოდ მარტვილის. სამეგრელოში ბევრი მუნიციპალიტეტი გვაქვს დარჩენილი გაზის გარეშე, ამიტომ მთავრობა 2021 წლიდან კიდევ გამოაცხადებს გაზიფიცირების 3-წლიან გეგმას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, სამეგრელოს გაზიფიცირება ბოლოში გავიყვანოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ტალერი-ლებარდეს გზის აღდგენაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ლებარდე, როგორც საქართველოს ბრილიანტი, სულ უფრო და უფრო აქტუალური უნდა გახდეს.

„რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ ტალერი - ლებარდეს გზის მშენებლობა, უფრო სწორედ აღდგენას, იმისთვის, რომ ლებარდე, როგორც საქართველოს ბრილიანტი, სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდეს. მოგეხსენებათ, რომ ლებარდეს განვითარების გეგმა, განაშენიანების გეგმა ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ დავიწყეთ, ეს სამუშაოები უკვე დასრულებულია და შეგვიძლია, უახლოეს პერიოდში დავსხდეთ და ერთად ვიმსჯელოთ, საერთოდ როგორ უნდა განვავითაროთ ლებარდე,მარტვილის კანიონი და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ მთავარი მაინც არის ის, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით თითოეულ მუნიციპალიტეტში, თითოეულ რაიონში შემდგომი 4 წლის განმავლობაში რა უნდა გავაკეთოთ და რა არის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი. ამისთვის, საქართველოს მთავრობა, მომავალი 4 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურული პროექტების წესრიგში მოსაყვანად დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს. რა თქმა უნდა, ეს მარტვილსაც შეეხება. პირველ რიგში, ეს ეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, წყალმომარაგებას, ისევე, როგორც წყალარინების სისტემას, სკოლების რემონტს, გაზიფიცირებას და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მარტვილში 24 საათიანი წყალი არის, იცით, რომ ეს სისტემა რემონტს, განახლებას საჭიროებს, ისევე, როგორც წყალარინების სისტემა საერთოდ არ არის და თავიდან ასაშენებელია, გამწმენდი ნაგებობებია გასაკეთებელი. ეს ყველაფერი 2021 წლის გეგმაში და პროექტში იქნება“, - აღნიშნა გიორგი გახარიმა.

პრემიერ - მინისტრის განცხადებით, მარტვილში უმნიშვნელოვანესია, ტურიზმის განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობაც.

„მარტვილში ბევრი პროექტი დაიწყო, თუმცა ცოტა მეტი უნდა ვიაქტიუროთ და ეკონომიკის ისეთი ტრადიციული სექტორები, როგორიც არის ჩაი, თხილი, ყურძენი, მეღვინეობა - ეს ყველაფერი უნდა განვავითაროთ. მე ერთს გპირდებით, რომ იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეს ექნება სურვილი გადადგას პირველი ნაბიჯები, აიღოს გარკვეული რისკი თავის თავზე, დაიწყოს ბიზნესი და გლეხი მაგივრად გახდეს ძლიერი ფერმერი, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, დაუდგება გვერდით, იმიტომ, რომ ეს ჩვენს ინტერესშია. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი იყოს უფრო ძლიერი. ძლიერი რეგიონი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას, ამისთვის დავიწყეთ ჩვენ განათლების რეფორმა. მიზეზი და მიზანი ამ ყველაფრისა მარტივია, ჩვენ საბოლოოდ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის არ უნდა ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა მარტვილში ცხოვრობენ ისინი, თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში თუ კიდე სადმე. განათლების მიღების დონე თანაბარი უნდა იყოს ყველგან, ეს არის ნორმალური ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი. არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცებისთვის სად ცხოვრობენ ისინი თბილისში თუ მარტვილში და არ უნდა იყოს ამაზე დამოკიდებული როგორი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ ისინი, ასე უნდა ავაშენოთ ჩვენ, ყველამ ერთად, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და რაც მთავარია ევროპული სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა.

გიორგი გახარიამ პანდემიანზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ 8 თვე გავიდა ვირუსის დაწყების შემდგომ და ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოიგონა იმაზე უფრო ქმედითი და ეფექტური საშუალება ვიდრე არის პირბადე.

„ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს პანდემიას ვებრძვით ყველა ერთად, უჩვეულოდ გვიწევს ცხოვრება. არავის ეგონა გაზაფხულზე და ზაფხულში, რომ ოქტომბერში და შემოდგომაზე მოგვიწევდა იმავე პრობლემებთან დაბრუნება, თუმცა ყოველთვის ვამბობდით, რომ იქნებოდა მეორე ტალღა, ვამბობდით, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და უნდა გავუფრთხილდეთ პირველ რიგში ჩვენი ოჯახების ხანდაზმულ წევრებს. ჩვენი პასუხისმგებლობა არის იმაში, პირველ რიგში, რომ მესმის, ეს უჩვეულოა, თუმცა არც თუ ისე რთულია პირბადე ვატაროთ, რაღაც პერიოდი დავიცვათ დისტანცია. სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რომ 8 თვე გავიდა ვირუსის დაწყების შემდგომ და ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოიგონა იმაზე უფრო ქმედითი და ეფექტური ვიდრე არის პირბადე. ეს არის უდიდესი გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, არამედ ჩვენი ეკონომიკისთვისაც, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ როგორც პირველი ტალღის დროს, პირველ ტალღას გავუმკლავდით წარმატებით, ერთად უნდა გავაგრძელოთ ელემენტარული წესების დაცვა, რათა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ და სხვა ქვეყნებთან შედარებით რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველაზე დიდი მიზანი სამუშაო ადგილების შექმნაა.

„საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, არის სამუშაო ადგილები, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. სამუშაო ადგილების შექმნა არის ყველაზე დიდი მიზანი. მარტივია, სახელმწიფოს ვალდებულება შემდეგშია - ჩვენ უნდა შევქმნათ ყველანაირი პირობები იმისთვის, რომ მშრომელმა, პატიოსანმა ადამიანმა შეძლოს ღირსეული შრომით ღირსეულად არჩინოს ოჯახი. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება ოქტომბრის არჩევნებში, 31 ოქტომბერს გამარჯვება. გამარჯვება იმისთვის, როგორც ვთქვი, რომ ბევრი დაწყებული საქმე ღირსეულად და გამარჯვებამდე გავიყვანოთ ბოლოში. მე დარწმუნებული ვარ იმ მხარდაჭერაში, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვგრძნობთ ჩვენი მოქალაქეებისგან, მაგრამ აქ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ გავიმარჯვებთ და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ღირსეულად. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ პროვოკაციებით, ყველანაირი წესების დარღვევით მიაყენონ ჩრდილი ჩვენს გამარჯვებას, ამიტომ უნდა გავუძლოთ ყველაფერს, იმასაც უნდა გავუძლოთ რაც მოხდა გუშინ ბათუმში, უაღრესად უპასუხისმგებლო ქმედებას. უფრო მეტიც, შენი მოქალაქეების, თანამოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებას, მაგრამ ამასაც უნდა გავუმკლავდეთ, აქ მთავარი არის შემდეგი - არჩევნებიც გაივლის, ვირუსსაც დავამარცხებთ, ეკონომიკურ კრიზისსაც დავამარცხებთ, მაგრამ არ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ჩვენი შვილების თვალებში ჩახედვა მერე შეგვრცხვეს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გავიმარჯვებთ, მაგრამ ამ გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ სამართლიანად და უდიდესი ღირსების გრძნობით. გამარჯვებას გისურვებთ!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.