5-09-2021
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა „ქართული ოცნების" ლენტეხის მერობის კანდიდატის გიორგი ონიანის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ლენტეხელებო მოგესალმებით, მივესალმები ამ ულამაზეს კუთხეს.
ლამაზად და ამაყად დგას ჩვენს უკან სვანური კოშკი. ასე ამაყად და შეუპოვრად დგახართ აქ მაცხოვრებლები. ეს მაღალმთიანი რეგიონია, იცის ძალიან მძიმე ზამთარი და არის ბევრი გამოწვევა, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად უმკლავდებით, ზაფხულია თუ ზამთარი.
მახსოვს, როდესაც ვსტუმრობდი აქ, ულამაზეს სოფლებს, ბევრს ვესაუბრეთ, თუ რა იყო ის ყოველდღიური გამოწვევა და პრობლემა, რომელიც საჭიროებდა გადაჭრას. ვიცი, ბევრი გაკეთდა, ბევრი პრობლემა მოგვარდა, თუმცა, ეს ისეთი რეგიონია, მაღალმთიანი, სადაც გამოწვევები ყოველთვის იქნება და აუცილებელია ეფექტიანად მივხედოთ და მოვაგვაროთ ეს პრობლემები.
ამიტომ, მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ხედვა და ჟინი, რომელიც აუცილებელია, რომ რეგიონმა უფრო მეტი განვითარება ჰპოვოს.
ასეთია ჩვენი კანდიდატი, რომელიც დაუბრუნდა თავის მშობლიურ კუთხეს და დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის განმავლობაში შეძლებს ბოლომდე მოაგვაროს ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რომლის წინაშეც დგას ეს მუნიციპალიტეტი.
როდესაც ვსაუბრობთ ლენტეხზე, რატომღაც ყოველთვის გზის ბოლოდ აღიქმებოდა ხოლმე იგი და ეს ბუნებრივია, თუმცა ეს არის დროებითი. ვიცით, რომ დასრულდება მალე გზა, რომელიც უშგულთან და შემდეგ მესტიასთან მიაერთებს ამ მონაკვეთს და კიდევ მეტ პოტენციალს და შესაძლებლობას გააჩენს ლენტეხისთვის არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ სხვადასხვა მიმართულებებით, რათა გაჩნდეს ბევრი ახალი საინფორმაციო, ტურისტული ცენტრი და მეტი სარგებელი მიიღოთ. მეტი ჩართულობა და დასაქმება, ეს არის რაც სჭირდება თითოეულ რეგიონს.
არ შემიძლია არ ვახსენო ის მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშე არამხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო დგას - კოვიდ პანდემია. ერთადერთი გამოსავალი არის ავიცრათ. ეს არის ჩვეულებრივი აცრა, როგორც ვიცრებით ნებისმიერი ვირუსის დროს, მათ შორის ბავშვობაში და აუცილებელია აცრა გავიკეთოთ, რომ შევძლოთ ჩვენი თავის, ახლობლების, ოჯახების დაცვა.
მოგიწოდებთ და გთხოვთ ყველას მეტად ჩაერთოთ ვაქცინაციის პროცესში. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ დავძლიოთ პანდემია, დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ დღის წესრიგს, სამუშაო რეჟიმს და შევძლოთ მეტი გავაკეთოთ ჩვენი კუთხისთვის, ქვეყნისთვის.
ერთი თვეც აღარ დარჩა არჩევნებამდე და ყველა ხედავს, რომ „ქართულ ოცნებას" არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ვართ ძლიერი გუნდი და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ, შევძლებთ იმ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სხვა დაწყებული პროექტების გაგრძელებას და დასრულებას, რომელიც ემსახურება თითოეული რეგიონის სიძლიერეს, რაც საწინდარია საქართველოს სიძლიერის“ - განაცხადა კუჭავამ.