12-09-2021
„ქართული ოცნება" დღეს არის უალტერნატივო ძალა; ჩვენ დღეს ქვეყანაში ალტერნატივა არ გვყავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ნინოწმინდის მერობის კანდიდატის, ანივარდ მოსოიანის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდი ჩაატარებს ძალიან მშვიდად არჩევნებს, მტკიცედ მივა არჩევნებამდე, 2 ოქტომბერს გაიმარჯვებს ძლიერად და გააგრძელებს ქვეყნის მშენებლობას.
„მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ უშეცდომონი, იდეალურები, არა, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმით, ჩვენი ჰუმანურობით, ჩვენი სწორი, პრაგმატული, გონივრული პოლიტიკით დავამტკიცეთ და ვუჩვენეთ ჩვენს ხალხს, რომ შეგვიძლია მართვა სწორად, დემოკრატიულად და ჰუმანურად და არა ადამიანების ჩაგვრით, წამებით, გაუპატიურებით და ათასი უბედურებით, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა და ომებით და ტერიტორიების დაკარგვით. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და მეორედ ამის გაკეთების უფლებას არ მივცემთ. „ქართულმა ოცნებამ" მოსვლის დღიდან გახსნა ბაზრები. გახსოვთ ალბათ, რომ რუსეთის ბაზარი იყო დაკეტილი, ჩვენი მშრომელი ხალხი, ფერმერები ვერ ყიდიდნენ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე. ამ დროს, ძალიან დიდი ბაზარია და მთელი ევროპა და განვითარებული სამყარო მიისწრაფვის ამ ბაზრის ასათვისებლად. ჩვენ მოვახერხეთ და გავხსენით ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით ეს ბაზარიც. გავხსენით ევროკავშირის ბაზარიც, 500-მილიონიანი უზარმაზარი ბაზარი, რომელიც მართლაც ძალიან დიდი მიღწევა იყო. ჩვენს მოსახლეობას მოვუტანეთ უვიზო რეჟიმი. ევროკავშირში საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე საკუთარი პასპორტით, ყოველგვარი ბარიერის გარეშე გადაადგილდება. თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ჩინეთთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენმა მშრომელმა ხალხმა ეს ინსტრუმენტები გამოიყენოს და კარგად აითვისოს ყველა ის სიკეთე, რაც ამ ბაზრების აგხსნით არის ხელმისაწვდომი. ჩვენ ახლა ჩავატარებთ ძალიან მშვიდად არჩევნებს, მტკიცედ მივალთ არჩევნებამდე, 2 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ძლიერად და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას. 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები, ამიტომ, მეტი საქმე, მეტი პროგრესი, მეტი განვითარება უნდა მოვუტანოთ ყველა ქალაქს და ყველა მუნიციპალიტეტს", - აღნიშნა პრემიერმა.