გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ახალქალაქსა და სამტრედიაში ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

21-11-2021

"ავიცრათ ერთმანეთისთვის" - ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, ახალქალაქსა და სამტრედიაში ღონისძიებები გაიმართა, სადაც სტუმრებს Covid-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ. მსურველებს აცრა "ფაიზერის", "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინით შეეძლოთ. ღონისძიების მიმდინარეობისას ვაქცინირებული მოქალაქეები სხვადასხვა ვაუჩერით დასაჩუქრდნენ და უფასოდ ისარგებლეს იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფების მომსახურებით.


ახალქალაქში ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში - პაატა იმნაძე და ამავე ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ხათუნა ზახაშვილი.


"სამწუხაროდ, სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონავირუსი ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს საფრთხეს შეუქმნის. მისი გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა და ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ჩვენი თანამოქალაქე უნდა აიცრას, რადგან ამ პატარა ქვეყანაში, ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ ამდენ ადამიანს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.


„53 ათას ადამიანზე მეტი არის დღეს საქართველოში კოვიდით დაავადებული. რომ წარმოვიდგინოთ, ალბათ, საკმაოდ მოზრდილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა არის დღეს ავად. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჯანდაცვის სისტემაზე და საზოგადოებაზე. ახლა, გადარჩენის გზა სწორედ აცრებზე გადის", - თქვა ხათუნა ზახაშვილმა.


ვაქცინაციის წამახალისებელ ღონისძიებაზე, დაინტერესებულმა პირებმა ადგილზე გაიარეს კონსულტაციები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან და დეტალური ინფორმაცია მიიღეს ვაქცინებისა და იმუნიზაციის პროცესის შესახებ.


ღონისძიებებს, ასევე, ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ახალქალაქში სტუმრებს სიტყვით მიმართა და ვაქცინაციისკენ მოუწოდა მუნიციპალიტეტის მერმა - მელქონ მაქარიანმა. სამტრედიაში კი საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერმა - დავით ბახტაძემ, NCDC-ს საზოადოებრივი ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა - კოტე გვეტაძემ და ეპიდემიოლოგმა - დალი ქობულაძემ მიმართეს. ორივე ლოკაციაზე, ასევე, იმყოფებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებმაც ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს.


ორივე ქალაქში გამართულ ღონისძიებებზე ბავშვების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს, მოეწყო სხვადასხვა გასართობი შოუ.
მუნიციპალიტეტებში ღონისძიებები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი აქტივობები უკვე გაიმართა გურჯაანსა და მარნეულში.