10-02-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის გამოცდას წელიწადში ორჯერ - ზამთარსა და ზაფხულში ატარებს.
გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა.
გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ტესტირებაზე დაცული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია.
ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იყო გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით. 2022 წლის ზამთრის სესიაზე სულ 130-მდე მსურველი დარეგისტრირდა, მათგან 97%-მდე აპლიკანტი გამოცხადდა გამოცდაზე. შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც გამოცდის დღეს გადაეცა მონაწილეს.