18-05-2022
მსჯავრდებულ ნიკა გვარამიას საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის თქმით, აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე არ ეთანხმება და კანონით დადგენილ ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამის შესახებ ზვიად გუბელაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. რაც შეეხება ტელეკომპანია “რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, ზვიად გუბელაძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა, არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სამართლებრივ შეფასებას და ქმედება დააკვალიფიცირა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, შესაბამისად, ნიკა გვარამია და კახაბერ დამენია სრულად ცნო დამნაშავედ ამ ნაწილში.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე არ ვეთანხმებით და კანონით დადგენილ ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. რაც შეეხება ტელეკომპანია “რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა, არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სამართლებრივ შეფასებას და ქმედება დააკვალიფიცირა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, შესაბამისად, ნიკა გვარამია და კახაბერ დამენია სრულად ცნო დამნაშავედ ამ ნაწილში.
გარდა ამისა, სასამართლომ გაამართლა ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, კომერციული მოსყიდვისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩატარებული გამოძიებით დადგენილი გვქონდა, რომ „ინტერ მედია პლიუსის“ სასარგებლოდ 6 763 509 ლარის გაფლანგვის სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ კომპანიისგან დირექტორის - ზურაბ იაშვილის მეშვეობით, მიიღო შესაბამისი სარგებელი უძრავი ქონებების სახით, კერძოდ, დაახლოებით 240 კვ.მ.-ის ორი ბინა. მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ „ინტერ მედია პლიუსისგან“ უკანონოდ მიიღო დიდი ოდენობით უძრავი ქონებები, მათთვის კანონიერი სახის მიცემა/ლეგალიზაციის მიზნით, უძრავი ქონებების მის სახელზე რეგისტრაციიდან რამდენიმე თვეში, ორივე საცხოვრებელი ბინა გაასხვისა სხვადასხვა პირებზე, რითაც მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 602 521.8 ლარის შემოსავალი, რომელიც თავის მხრივ გადარიცხა სხვადასხვა პირების საბანკო ანგარიშებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ“ - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.