11-08-2022
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი თ.ქ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ მას დაუკავშირდა ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი ი.ლ. რომელმაც მოქალაქის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის არაოფიციალურად გადავადება სთხოვა. აღნიშნული პირები წინასწარ შეთანხმდნენ და შუამავალი პირის, ბ. გ.-ის დახმარებით, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვეს 1 500 ლარი. აღებული თანხიდან 500 ლარი ი.ლ-მ იმავე დღეს გადასცა თ.ქ.-ს, 200 ლარი - ბ.გ.-ს, ხოლო 800 ლარი თავად დაიტოვა.
თ.ქ.-ს 2022 წლის 11 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ქვეპუნქტით და 25-338-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.