გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თსუ-სა და ესტონეთის პროფესიულ განათლების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

24-09-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  ესტონეთის Ida-Virumaa -ს პროფესიული განათლების ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, პროფესიული განათლების მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობას ითვალისწინებს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და Ida-Virumaa-ს ხელმძღვანელმა ჰანეს მეტსიმ მოაწერეს. საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი საერთაშორისო პროექტების, კონფერენციებისა და სემინარების განხორციელება.

 

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, მემორანდუმი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს, მათ შორის ERASMUS+_ის პროგრამის ფარგლებში, ერთობლივი გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. „Ida-Virumaa ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული განათლების ცენტრია ესტონეთში და ჩვენს პროფესიულ ცენტრს მათთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ასევე ნაყოფიერად თანამშრომლობს ფინელ კოლეგებთან. ეს ერთგვარი სამკუთხედი ჩვენს სტუდენტებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრსა და Ida-Virumaa-ს შორის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში, 2020 წელს თსუ წარმომადგენლები ესტონეთის Ida-Virumaa -ს პროფესიული განათლების ცენტრში  ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც ცენტრის ინფრასტრუქტურას, სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხებს, სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემებს, საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ. პანდემიის განმავლობაში ონლაინ სწავლების სპეციფიკასთან დაკავშირებით, ასევე ჩატარდა ტრენინგები, მხარეებმა ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

 

"ჩვენთვის დიდი პატივია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა. დღევანდელი მემორანდუმი ხელს შეუწყობს ჩვენს ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ეს არის ახალი ისტორიის დასაწყისი,“ - აღნიშნა ესტონეთის Ida-Virumaa-ს პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ჰანეს მეტსიმ.

 

ესტონეთის Ida-Virumaa Kutsehariduskeskus პროფესიული განათლების ცენტრი სამი ქალაქის („Sillamäe, Jõhvi,  Narva-Jõesuu) პროფესიული განათლების სკოლებს აერთიანებს. იგი ესტონეთში ყველაზე დიდია სტუდენტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების რაოდენობით.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება თსუ-ის ახალმა დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულმა „თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა“ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო. ცენტრი 15 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ორ ლოკაციაზე თბილისსა და ქუთაისში ახორციელებს. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სახელმწიფოს მიერ 100%-ით არის დაფინანსებული.