2-10-2018
ბელარუსის ტელეარხის, «ОНТ – Общенациональное ТВ»-ს მიერ გადაცემული ვრცელი ვიდეოსიუჟეტი ეხება საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და მის პოპულარიზაციას ბელორუსი ტურისტებისათვის.
საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ ირინა ნიკიტინას ავტორობით მომზადებული სიუჟეტის რეზიუმეს:
„ბელარუსმა უნდა გაითვალისწინოს იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც ტურისტთა რაოდენობის მატების მხრივ შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწიეს. ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფოა საქართველო, რომელიც ბოლო ათწლეულში იმდენ უცხოელ ტურისტს იღებს, რომელთა რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობას ორჯერ აჭარბებს. საინტერესოა, რომ ამ კავკასიური სახელმწიფოს 2018 წლის იანვარ-აგვისტოში რვა მილიონი სტუმარი ეწვია, რის შედეგადაც მის ბიუჯეტში თითქმის სამი მილიარდი დოლარი შევიდა.
რით გამოირჩევა ქართულ-კავკასიური სტუმართმოყვარეობა და რა შეიძლება მისგან გაითვალისწინოს ბელარუსმა?
ნოდარ შერვაშიძე ზემო აჭარაში ყველაზე პოპულარული ადამიანია. იგი სტუმრებს ყოველთვის პირადად ეგებება. განსაკუთრებული სოფლის კოლორიტით გამორჩეულ აჭარელთან უცხოელი ტურისტები სიამოვნებით მიდიან: გემრიელი საჭმელები, მთების თვალწარმტაცი პეიზაჟი, სუფთა ჰაერი - ყველაფერი ბუნებრივია, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. მენიუში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებია, ამ საქმეში სოფლის თითქმის მთელი მოსახლეობაა ჩართული. ფერმერს ვენახიც აქვს - ვაზის პლანტაციიდან ნოდარ შერვაშიძე 15 ტონამდე ყურძენს კრეფს. ამ მხარეში ღვინოს ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინ აყენებდნენ.
ფერმერის სიამაყეა მისი მარანი, სადაც ღვინო მუხის კასრებში და ქვევრებში - მიწაში ჩაფლულ სპეციალურ თიხის დიდ ჭურჭლებში ინახება. ტურისტების მიმზიდველი სასმელი უძველესი ტრადიციის მიხედვით მზადდება და ის ადამიანი, რომელიც მას ერთხელ მაინც შესვამს, ის ამ მხარეში აუცილებლად კიდევ დაბრუნდება.
სოფელი პირველი მაისი ზემო აჭარის მთებში მდებარეობს, გზა მიხვეულ-მოხვეული და დაკლაკნილია, რომ მაგრამ ტურისტებს ეს არ აშინებთ - აქ წელიწადში ათეულ ათასობით უცხოელი სტუმარი ჩამოდის - ავტობუსებით და საკუთარი ავტომობილებით.
საქართველოს ხელისუფლება აჭარის ტურისტული პოტენციალის გამტკიცებას ხელს უწყობს - ადგილობრივ ეკონომიკაში ჩაიდო მრავალმილიონიანი ინვესტიციები, აღორძინდა ოჯახური ბიზნესი, განახლდა და გაფართოვდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, აშენდა სასტუმროები, ბევრი რამ ნულიდან დაიწყო. და რაც მნიშვნელოვანია - დიდი ყურადღება ეთმობა მოსახურების ხარისხს. როგორც ბათუმის მერიის საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი სულხან დევაძე ამბობს, „აუცილებელია ვიცოდეთ ტურისტის მოთხოვნილება, რა უნდა მას, რით არის დაინტერესებული, მისი პრიორიტეტბი. ჩვენთან ყოველ ტურისტს შეუძლია უშუალოდ მიიღოს პირადი მონაწილეობა სოფლის ცხოვრებაში, მას ოჯახის წევრად მიიღებენ და პატივს სცემენ“.
საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებული მიმართულებაა ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უცხოელ სტუმრებზე ზრუნვა ყოველი ქართველისათვის ღირსების საკითხია. პასუხისმგებლობას ყველა აცნობიერებს. ყოველი ტურისტი, საიდანაც არ უნდა იყოს, ის პოლიტიკის გარეშეა, მას ყველა მეგობრულად ეგებება. ამის დადასტურება საქართველოს ღია საზღვრებიც - მსოფლიოს 95 ქვეყნის მოქალაქეს ქვეყანაში შესასვლელად ვიზა არ ჭირდება. ბათუმელი „ჯიგიტები“ ხუმრობენ: „ჩვენ თუ ვინმეს ვებრძვით, ვებრძვით მხოლოდ ქალთა გულების დასაუფლებლად, ისიც მხოლოდ ცეკვის დროს“. საერთოდ, ქართველებს მუსიკალური კულტურა, როგორც იტყვიან ხოლმე, „სისხლში აქვთ გამჯდარი: თითქმის ყველა ცეკვავს და მღერის.
ბელარუსული ტურისტული ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საქართველოს გამოცდილების შესწავლა სასარგებლოა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს არც ზღვა და არც მთები, მაგრამ გვაქვს ტბები, ჩვენი ეროვნული სამზარეულო და კერძები. შედარებისათვის: მიმდინარე წელს ბელარუსმა ორი მილიონი ტურისტი მიიღო, ანუ იმდენივე, რამდენიც საქართველოს ერთმა რეგიონმა - პატარა აჭარამ. ესე იგი, არის რაღაც, რაც უნდა ვიცოდეთ და რისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ.
ახლა საქართველოში ხავერდოვანი სეზონია და როცა ის დასრულდება, ტურისტები მთებს მიაშურებენ. ისინი, ვისაც უკვე გამოცდილი აქვს ადგილობრივი სტუმართმოყვარეობა, ამბობენ: „რა მნიშვნელობა აქვს ამინდს, როცა მზეს ქართველის თვალებშიც ნახავთ, გულებში კი - სითბოს“. ვერ შეედავები...