10-04-2024
„ეს რა გიქნია, დავით დოიაშვილო? რას კადრულობ? როდის მერე გვინდა ჩვენ, ხელოვანებს, რომ ხელოვნება და ამ შემთხვევაში კულტურა იყოს პოლიტიკური?“ -ამის შესახებ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე სოციალურ ქსელში წერს.
ირინე ლომინაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობების მხრიდან პროტესტის გამოხატვას ეხმიანება და დავით დოიაშვილს მიმართავს.
ლომინაძე აღნიშნავს, სჯობს, დავრჩეთ პროფესიულ ველზე და ნუ დავიწყებთ ხელოვანებს შორის პოლიტიკურ კამათს.
აქვე, ლომინაძე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას არასდროს დაუშვებს.
„ეს რა გიქნია, დავით დოიაშვილო? რას კადრულობ?
როდის მერე გვინდა ჩვენ, ხელოვანებს, რომ ხელოვნება და ამ შემთხვევაში კულტურა იყოს პოლიტიკური? მახსოვს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დაამკვიდრა ასე ჩვენში და გვყოფდა მუდმივად. ამ ტრადიციას აგრძელებს ახლა დოიაშვილი და მისი "ახალი თეატრი"?!! ჩვენ ვერ გვხედავთ აქ? ვერ გვხედავთ და არ იცით, რომ მეტნი ვართ, ვისაც მტკივნეულად გვახსოვს, როგორ გვყოფდნენ და ვისაც ეს აღარ გვინდა? ხოდა მოდით, ნუ შევდივართ იმ საპარლამენტო პროცესში, რომელიც პოლიტიკურია. და თუ შევალთ, მაშინ, მოგიწევთ ჩვენი აზრის მოსმენაც და ჩვენ უმრავლესობაში ვართ! ფულს რომ იღებ, კარგია და საიდან და რისთვის იღებ, ამ ინფორმაციის გასაჯაროება რა გახდა? რა გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური აზრი და მე ვერ გამოვიყენებ, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი (თუ ვიკადრე და ჩემს ქვეყანას ვაკადრე), ქუთაისის სახელმწიფო თეატრის სცენას პოლიტიკური მიზნებისთვის და ვერ ვაჩვენებ სამყაროს, თუ რა უმსგავსობებს ჩადიოდა ნაციონალები ხელისუფლებაში ყოფნისას??? მაგრამ არ ვიკადრებ და არ ვაკადრებ.
ამიტომ ჯობს, რომ დავრჩეთ ჩვენს პროფესიულ ველზე და ნუ დავიწყებთ ხელოვანებს შორის პოლიტიკურ კამათს, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ნაცების მობრუნებას ხელისუფლების სათავეში არასოდეს არ დავუშვებ სიცოცხლედაც რომ დამიჯდეს.“-წერს ირინე ლომინაძე.