27-04-2024
ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით ბზის მოჭრაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს.
„კონტროლის ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტყეში, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა და დაამზადა ბზის 203 ერთეული ტოტი. უკანონოდ მოპოვებული ბზა დაილუქა. შედგა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში კი, მოქალაქე ავტოსატრანსპორტო საშუალებით უკანონოდ მოპოვებული ბზის 1300 ერთეული ტოტის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა„ – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
„ვინაიდან ბზის მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტების აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია, ბზის მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან ტოტების დაზიანებაზე საჯარიმო სანქციები გაზრდილია. იმ შემთხვევაში კი, თუკი ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.