24-05-2024
„ამერიკის ზე-სახელმწიფოს ჰეგემონია მთავრდება და მთავრდება ისევ ამერიკის პოლიტიკური შეცდომების გამო, მთავრდება არა მხოლოდ საქართველოს გამო, თუმცა საქართველოს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამაში," - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და პარალელი გაავლო მსოფლიოში განვითარებულ პროცესებსა და საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს შორის.
თამარ ჩიბურდანიძის თქმით, ახლა ევროპაში მიდის პროცესები, რომელსაც შესაძლოა სათავე საქართველომ დაუდო. ეს პროცესები კი, გულისხმობს ქვეყნების მისწრაფებას დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესი, თვითმყოფადობა. მისი თქმით, ზოგი ქვეყანა უკვე ბედავს ხმის ამოღებას და ზოგიც ვერა, მაგრამ განმათავისუფლებელი მოძრაობა უკვე დაწყებულია.
„კოჰაბიტაცია დამთავრდა, მაგრამ მეც და ყველა, მთელ მსოფლიოში ხედავს, რომ ამერიკის ზესახელმწიფოს ჰეგემონია მთავრდება და მთავრდება ისევ ამერიკის პოლიტიკური შეცდომების და არა მხოლოდ საქართველოს გამო, თუმცა საქართველოს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამაში. მახსენდება 9 აპრილის პერიოდი. მაშინ პირველად სისხლი დაიღვარა ჩვენთან და თავისუფლების მთელი ყიჟინა გადასწვდა სხვა რესპუბლიკებს, საბჭოთა კავშირი დაიშალა კიდეც და თავისუფალი გახდა მისი ყველა რესპუბლიკა. ვიღაცას შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ევროპაში გადადის მთელი ტალღა სუვერენიტეტის მოთხოვნის, ეროვნული ღირებულებების დაცვის და თვითმყოფადობის შენარჩუნების სურვილის.
არავინ საუბრობს რა ხდება საფრანგეთში, სადაც ამერიკის საწინააღმდეგოდ სერიოზული პროცესები მიდის ქვეყნის შიგნით, იმიტომ, რომ ამერიკის უღელი, როგორც ჩანს, ძალიან მძიმეა ევროპის ყველა სახელმწიფოსთვის. ვიღაც ბედავს, ვიღაც ჯერ ვერა, მაგრამ ეს პროცესები თუკი ერთხელ დაიძრა, თუ ყინული გალღვა, ცუნამი გარდაუვალია და ის გადაუვლის მთელს ევროპას. ამ ცუნამს ჰქვია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რაც დაიწყო საქართველომ. ამ პატარა ქვეყანამ შეძლო, რომ საკუთარი ეროვნული ღირსება მთელ მსოფლიოს დაანახა. წარმოიდგინეთ რამხელა სახელმწიფოს ვებრძვით - ამერიკას, მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენ არ ვებრძვით ამერიკას, ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავს, ჩვენ ვითხოვთ ჩვენს უფლებებს. ისინი გვებრძვიან ჩვენ, ისინი ცდილობენ ჩვენს ბოლომდე დაპყრობას, როგორც ჰყავდათ დამორჩილებული სააკაშვილის პერიოდში,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.