გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დაფუძნდა, რომელიც პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება

10-07-2024

„ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, რომელიც დაახლოებით ერთი წლის თავზე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება“, - აღნიშნულის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრების განცხადებაშია ნათქვამი.


მოძრაობის წევრმა, ვატო ვატო შაქარიშვილმა მანიფესტი წარადგინა, რომელშიც ნათქვამია, რომ „განსაკუთრებით ბოლო 2 წელია, ქართული საზოგადოება იქცა ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკურ მძევლად“.


„საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც არსებით სიახლეს შეიტანს იმ არაჯანსაღ პოლიტიკურ დისკურსში, რომლის მძევლადაც აქციეს ქართველი ხალხი წლების მანძილზე პირველ რიგში როგორც ოპოზიციამ, ისე, მნიშვნელოვანწილად, ხელისუფლებამაც.


განსაკუთრებით ბოლო 2 წელია, ქართული საზოგადოება იქცა ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკურ მძევლად, რაც ქართული სახელმწიფოსთვის უდიდესი საფრთხის შემცველია. ყველას კარგად მოეხსენება, რა შედეგი მიიღო უკრაინამ მას შემდეგ, რაც უკრაინელი ხალხი 2013 წელს ამავე თემის პოლიტიკურ მძევლად აქციეს. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური საკითხი, რომელიც დოგმად გარდაიქმნება და საზოგადოებაში რაციონალურ და პრაგმატულ მსჯელობას აღარ ექვემდებარება, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საშიშ ინსტრუმენტად შეიძლება გარდაიქმნეს.


ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული როგორც ყველა ის სიკეთე, რომელიც ევროპას 60-წლიანმა უწყვეტმა მშვიდობამ მოუტანა და რომელიც ჯერ კიდევ მოყვება მას , ასევე ის ღირებულებითი, დემოკრატიული და ეკონომიკური კრიზისებიც, რომელშიც ევროკავშირი 2008 წლის შემდეგ აღმოჩნდა.


საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა უკვე არაერთგზის გაიხსენეს ციფრები, რომლებიც ევროკავშირის ეკონომიკურ სტაგნაციაზე მეტყველებს. ჩვენც გავიმეორებთ, რომ თუ 2002-2008 წლებში ევროკავშირის ნომინალური ეკონომიკა გაორმაგდა, 2008 წლიდან ის ერთ ადგილზე გაჩერდა და 16 წელიწადში 16,3 ტრილიონ დოლარიდან მხოლოდ 17,3 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. დიდ ბრიტანეთსაც თუ მივათვლით, გამოდის, რომ 2008 წელს ევროკავშირის ეკონომიკა დღევანდელზე 2 ტრილიონი დოლარით მეტი იყო. დღეს ევროკავშირის ეკონომიკა, რომელიც 2008 წელს ამერიკას უსწრებდა, ამავე ეკონომიკას უკვე თითქმის ორჯერ ჩამორჩება. ევროკავშირს გადაასწრო ჩინეთმაც, რომლის ეკონომიკა 2008 წელს ევროკავშირის ეკონომიკას დაახლოებით 4-ჯერ ჩამორჩებოდა. ევროკავშირის ეკონომიკური სტაგნაცია უკვე აშკარად დაეტყო ყველა სფეროს - ინდუსტრიით დაწყებული, გაგრძელებული საზოგადოებრივი სერვისებით.


ევროპის ეკონომიკურ კრიზისს დაერთო მისი ღირებულებითი და დემოკრატიული კრიზისი, რაზეც მეცნიერები უკვე ორ ათწლეულზე მეტია აქტიურად საუბრობენ. ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის ერთგვარი კულმინაცია იყო ევროპული ქვეყნების მიერ ერთმანეთის მიყოლებით, ყოველგვარი არჩევნების გარეშე, ხუან გუაიდოს ვენესუელის პრეზიდენტად გამოცხადება. ევროკავშირის ქვეყნებმა სრული მორჩილება გამოუცხადეს ამერიკის გადაწყვეტილებას ვენესუელაში ე.წ „რეჟიმ-ჩეინჯის“ თაობაზე, რითაც დემოკრატიული ლეგიტიმაციის პრინციპს უხეშად გადაუსვეს ხაზი და შექმნეს იმის საშიში პრეცედენტი, რომ გარე ძალებმა შეიძლება ხელისუფლებად აღიარონ სუბიექტი, რომელიც არავითარი სახალხო დემოკრატიული ლეგიტიმაციით არ სარგებლობს.


დღეს უამრავი მაგალითი ადასტურებს, რომ ევროპული პოლიტიკაც და ევროპელი პოლიტიკოსებიც ანუ ბიუროკრატია არა ევროპელი ხალხის, არამედ თავიდან ბოლომდე უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. სწორედ უცხო ქვეყნის დავალებით გაუხსნეს მათ კარი ტოტალურ მიგრაციას, რომელიც ევროპულ ქვეყნებს ეროვნულ იდენტობას სწრაფი ტემპით აკარგვინებს. სწორედ უცხო ქვეყნის დავალებით ანაცვლებენ ისინი ევროპისთვის ტრადიციულ რელიგიას - ქრისტიანობას ახალი რელიგიით, რომელსაც LGBTQI+ ეწოდება.


თუ ყველაფერი ამ მიმართულებით და ტემპით გაგრძელდა, ძალიან მალე დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი, მყარი ეროვნული იდენტობის მქონე და ქრისტიანული ევროპისგან აღარაფერი დარჩება. ამ ფონზე, 2030 წლამდე ევროკავშირის დაშლაც საკმაოდ რეალური სცენარია.


საქართველოს მიმართ ევროკავშირის რიტორიკაც იმის ცხადი მაგალითია, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, გარედან რასაც დაუწერენ, იმას იმეორებენ. ამის ნათელი მაგალითია ევროპარლამენტის რეზოლუციები, 27 ქვეყნის დემარში „მომაკვდავი“ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ევროკავშირის განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონთან დაკავშირებით და მრავალი სხვა მაგალითი აჩვენებს, რომ ევროკავშირისთვის ფასეულობები უკანა პლანზეა გადაწეული.


როგორც ცნობილია, ნებისმიერ საერთაშორისო გაერთიანებაში შესვლით სახელმწიფო საკუთარი სუვერენიტეტის გარკვეულ ნაწილს თმობს. ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, ქვეყანა ფორმალურად ევროკავშირის სასარგებლოდ კარგავს საკუთარი სუვერენიტეტის 50 პროცენტს, ხოლო არაფორმალურად მას მთელი თავისი სუვერენიტეტის დათმობა უწევს. ასეთ პირობებში, მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანი რაციონალურ დასაბუთებას არის მოკლებული.


აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 2030 წლამდე ევროკავშირში შესვლის რაიმე პერსპექტივას არც არავინ გვპირდება, 2030 წელს კი, რა მდგომარეობაში იქნება და იქნება თუ არა საერთოდ ევროკავშირი, რეალურად, არავინ იცის. თუ ევროკავშირი უცხოურ გავლენას და შესაბამისად, ღირებულებით, ეკონომიკურ და დემოკრატიულ კრიზისებს თავს ვერ დააღწევს, პროცესების ყველაზე მძიმე სცენარით განვითარებაც კი იოლი წარმოსადგენია.


დღეს ევროინტეგრაცია საქართველოში რელიგიად არის გამოცხადებული, რაც არის დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე და ამ დანაშაულში საკუთარი წვლილი მათ შორის ხელისუფლებასაც მიუძღვის. მართალია, ნატოს რელიგიის სტატუსი ამ ეტაპზე ჯერ არ აქვს მინიჭებული, მაგრამ ხელისუფლების დანაშაულია ისიც, რომ მან ნატოში ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციურ ამოცანად დაადგინა. პირველ რიგში ამგვარი რამის ქვეყნის ძირითად კანონში ჩაწერა ფორმალურადაც სრულიად ნონსენსია და მეორე, პრაქტიკული თვალსაზრისითაც დაუშვებელია, ნატოში გაწევრიანება კონსტიტუციურ დოგმად აქციო. წლების წინ, საქართველო, უკრაინასთან ერთად, ნატოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსით საერთაშორისო პოლიტიკის ორპირ ქარში დააყენეს. ამ ორპირმა ქარმა რა მოუტანა უკრაინას ყველანი კარგად ვხდედავთ , უკვე შეიწირა ეს ქვეყანა და ყოვლად დაუშვებელია, საქართველო ამ მდგომარეობაში კიდევ დიდხანს დავტოვოთ.


ჩვენ უნდა ავაშენოთ დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ნეიტრალური საქართველო, რომელიც იმეგობრებს ყველა ქვეყანასთან, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების ჩათვლით. ნეიტრალიტეტის პოზიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს, თუ, თეორიულად, ნატო საქართველოსთვის ორპირი ქარის დანიშნულებას შეიცვლის და ევროკავშირი კრიზისებს დაძლევს და სწორი მიმართულებით განვითარდება, რისი პერსპექტივაც დღეს საკმაოდ ბუნდოვნად მოჩანს. რთული სავარაუდოა, 2028 წლამდე ევროკავშირი ფსევდოდემოკრატიიდან დემოკრატიისკენ, ფსევდოლიბერალიზმიდან ქრისტიანობისკენ და ეკონომიკური სტაგნაცია-რეცესიიდან ეკონომიკური პროგრესისკენ შემობრუნდეს.


იმისათვის, რომ საზოგადოების ცნობიერება სწორი მიმართულებით განვითარდეს და ხალხმა პოლიტიკაში არა ყალბი დოგმებით, არამედ პრაგმატულად იაზროვნოს, ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დაახლოებით ერთი წლის თავზე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. ქართველ ხალხს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, უკეთ აღიქვას სინამდვილე, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან არის დაკავშირებული. ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რისი ძალაც არ აქვს ხელისუფლებას, რომელიც საგარეო პოლიტიკის საკითხებში დიდწილად ოპოზიციის ნარატივს არის აყოლილი. უახლოეს წლებში ყველა თვალნათლივ დაინახავს, რომ რასაც ჩვენ დღეს და მთელ ჩვენ სამუშაო პროცესში ევროკავშირის პერსპექტივების შესახებ ვამბობდით, სრული სიმართლეა , რაც ვფიქრობთ, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ წარმატებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია განცხადებაში.


ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრები არიან: ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლეიშვილი.