26-11-2018
როგორ მოიტაცეს საკუთარი სახლიდან მერაბიშვილის ხალხმა წლინახევრის შვილისა და მეუღლის თვალწინ მოქალაქე, რომელიც განსაკუთრებული არაადიამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა;
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ აგრძელებს ექსკლუზიური მასალების გამოქვეყნებას, სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილ სამალავებში აღმოჩენილი ამბების შესახებ.
2014 წლის 6 მარტს, „ნიუსპრესსში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით „როგორ გააუპატიურეს ბოთლით მამაკაცი, სამეგრელოს ტყეში მოწყობილ ბუნაგში“, სადაც საუბარი იყო ერთ–ერთ კონკრეტულ საქმეზე.
2013 წლის ზაფხულში, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ქ.ზუგდიდიდან დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ ნარაზენის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტოვებულ ჩაის პლანტაციებში, სამართალდამცველებმა 8 ცალი დამარხული კასრი აღმოაჩინეს, რომელშიც დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და 18 ცალი ვიდეო ფირი იდო.
ვიდეოფირებიდან სამართალდამცავების მხრიდან 2 ვიდეო ფირის დათვალიერება მოხდა, სადაც 2 მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი იყო გადაღებული. საქმეში არსებული მასალის მიხედვით, გამოძიებამ იდენტიფიცირება მოახდინა და ორივე გაუპატიურებული მამაკაცის ვინაობა დაადგინა. ერთ–ერთი გაუპატიურებული დ.ძ., რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში ცხოვრობს, ხოლო მეორე – ზ.ა., წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი სოფლის მკვიდრია. სწორედ ზ.ა.გაუპატიურების ფაქტზე იყო საუბარი წინა სტატიაში.
როგორც აღვნიშნეთ, „ნიუსპრესსი" აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე და მოგითხრობთ, თუ როგორ მოიტაცა საკუთარი სახლიდან წლინახევრის შვილისა და მეუღლის თვალწინ მოქალაქე დ.ძ., სპეციალურმა დაჯგუფებამ და აღიარებითი ჩვენების მისაღებად როგორ მიიყვანა ის სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე სოფელში საგანგებოდ გაკეთებულ მიწისქვეშა სახლში.
ვანო მერაბიშვილის პოლიციელები დ.ძ.-სგან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ტერორისტული აფეთქებებში მონაწილეობის აღიარებას ითხოვდნენ. „სამართალდამცავებმა“ სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს. რის გამო დ.ძ. დასაჯეს და გააუპატიურეს.
„ნიუსპრესის“ მიერ მოპოვებულ საქმეში დ.ძ. ჩვენება დევს, სადაც ის გამოძიებასთან დეტალურად ყვება თუ რა მოხდა:
„2011 წლის 28 მაისს საღამოს ვიმყოფებოდი სახლში. მე ჩემი საცხოვრებელი სახლის შესასვლელ კარებთან ვიდექი, დაახლოებით საღამოს 8-9 საათი იქნებოდა. დავინახე, რომ მე მიახლოვდებოდა სამი მამაკაცი. თავიდან მეგონა რომ მეზობლები იყვნენ. როცა მომიახლოვდნენ, შევამჩნიე, რომ სამივეს ნიღაბი ეკეთა. ნიღბოსნები ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, რომ სახლში შევსულიყავი, რის შემდეგაც სახლში ძალით შემათრიეს. საკუთარ სახლში სკამზე დამსვეს და გვერდით ჩემი მეუღლე თ.მ. და წლინახევრის შვილი ა.ძ. მომისვეს.
მომხდური სამივე პიროვნება ჩაცმული იყო სამოქალაქო ფორმაში და შავი ნიღბები ეკეთათ. ერთს ჰქონდა „კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მეორეს ჰქონდა დანა, მესამეს კი არაფერი არ ჰქონდა. მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი, რადგან ჩემთან საქმე ჰქონდათ. ისინი მეგრულ ენაზე მესაუბრებოდნენ. ჩემს მეუღლეს კატეგორიულად მოსთხოვეს ხმა არ ამოეღო და ჩემი წაყვანის შესახებ არაფერი ეთქვა. ამის შემდეგ შემიკრეს ხელ-ფეხი, შემიკრეს პირი და მითხრეს, რომ მათ გავყოლოდი. რადგან ფეხი შეკრული მქონდა, მე უთხარი, რომ ვერ ვიმოძრავებდი და ამის შემდეგ ფეხი შემიხსენეს. გამომიყვანეს სახლიდან და ტყის მიმართულებით ფეხით წამიყვანეს. ტყეში სიარულის დროს მე თვალები მქონდა ახვეული. ჩემთვის აღნიშნულ სამი პიროვნებიდან ორს ხელკავით მივყავდი, რადგან გზას ვერ ვხედავდი იმის გამო, რომ თვალები მქონდა ახვეული. დაახლოებით ორი საათის სიარულის შემდეგ თვალებიდან ნიღაბი მომხსნეს და შემდეგ ისევ ტყით სიარული გავაგრძელეთ. სიარულის დროს პერიოდულად 5-5 წუთი ვისვენებდით და შემდეგ ისევ ვაგრძელებდით მოძრაობას. დაახლოებით დილის 6 საათზე, (უკვე 29 მაისს), გალის სოფლების გავლით მივადექით მდინარე ენგურის ნაპირს. ნაპირთან მიახლოების დროს მე ისევ ამიხვიეს თვალები. ამის შემდეგ დამსვეს სატვირთო ავტომანქანის ბორტზე და გადამიყვანეს მდინარე ენგურის მეორე ნაპირზე ზუგდიდის მხარეს. მდინარეზე გადასვლის შემდეგ გადმომსვეს მანქანიდან და დასამალად ისევ ტყეში შემიყვანეს. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, გავიგე ხმა, რომ ტყეში კიდევ ერთი მამაკაცი მოვიდა. აღნიშნულ მამაკაცს, იმ სამმა მამაკაცმა, რომლებმაც სახლიდან წამომიყვანეს, უთხრეს ჩემზე, რომ მე ვიყავი ის კაცი და მას ჩააბარეს ჩემი თავი. მე თვალები ისევ ახვეული მქონდა და იმ მამაკაცმა, რომელიც ბოლოს მოვიდა, მითხრა ჩქარი ნაბიჯებით გავყოლოდი. მან სირბილით გამატარა რამდენიმე ნაბიჯი, რის შედეგად გავიგონე მანქანის ხმა, მან მანქანასთან მიმიყვანა და მითხრა, რომ ფეხი მაღლა ამეწია. ამით მივხვდი, რომ მანქანა იყო მაღალი გამავლობის, სავარაუდოდ, „პიკაპი“ იქნებოდა. მე მანქანაში უკანა სავარძელზე ჩამსვეს, მარჯვნიდან და მარცხნიდან ჩემთვის უცნობი პიროვნებები ისხდნენ. ასევე საუბრით მივხვდი, რომ წინ მძღოლის გარდა კიდევ ერთი მამაკაცი იჯდა.
მანქანაში ყოფნის დროს, დასახელებული ოთხი პიროვნება ერთმანეთში ძირითადად მეგრულ ენაზე და ზოგჯერ ქართულადაც საუბრობდნენ. მანქანით დაახლოებით 30 წუთი ვიარეთ. შემდეგ მანქანა გაჩერდა. ჩამომიყვანეს მანქანიდან, რა დროსაც თვალები ისევ ახვეული მქონდა, ხელჩაკიდებული გამატარეს დაახლოებით 20-30 მეტრი და ჩამიყვანეს სარდაფის ტიპის შენობაში. დაბლა დაახლოებით 8-9 საფეხური იყო და მოძრაობისას ვიგრძენი, რომ საფეხურები მიწისგან იყოს გამოჭრილი. იქ შემიყვანეს და სკამზე დამსვეს. ამის შემდეგ მომხსნეს ნიღაბი და დავინახე, რომ ვიმყოფებოდი უფანჯრებო ოთახში, რომელიც შელესილი იყო თეთრი ფერის თაბაშირით და ნაწილობრივ ხის კედელზე გაკრული იყო ხის ფირფიტები. ასევე იატაკი დაუმთავრებელი იყო და დაგებული იყო ნახევრად ხის იატაკი. ოთახში ჩემთან ერთად იმყოფებოდა 4 პიროვნება.
როგორც დ.ძ.-ს ჩვენებიდან ირკვევა, ნიღბიანი ადამიანები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ:
„ოთახში მყოფო ოთხი პიროვნებიდან ერთ-ერთი, სხეულზე პისტოლეტს მირტყამდა და მეუბნებოდა მეღიარებინა, თუ რომელი რუსი გენერლის მიერ ვიყავი მოსყიდული. ასევე, მემუქრებოდა მოკვლით. ჩემი ცემა და ლანძღვა-გინება დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. ისინი დაჟინებით ითხოვდნენ, მეღიარებინა მ.ძ. და ა.ძ.-სთან ერთად ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილეობა, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა და შესაბამისად ვეუბნებოდი, რომ არანაირი ტერორიზმის მომზადებაში მონაწილეობა არ მიმიღია. ასევე ავუხსენი, თუ რა ურთიერთობა მქონდა რეალურად მ.ძ.-სთან და ვუთხარი, რომ მანამ იგი დაახლოებით 7 წელი არ მყავდა ნანახი. ავუხსენი, რომ 7 წლიანი პერიოდის შემდეგ მ.ძ. ვნახე 2011 წლის მარტის თვეში. აღნიშნული მართლაც სიმართლე იყო. მ.ძ. მუშაობდა ოჩამჩირეს რაიონში და გალში იშვიათად ჩამოდიოდა“ - ნათქვამია ჩვენებაში.
ჩვენებიდან ირკვევა, რომ მ.ძ. და დ.ძ, 2011 წლის მარტის თვეში ერთმანეთს ნამდვილად შეხვდნენ. მათ, რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, სამეგრელო აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადმოკვეთეს და ქუთაისში ტრაქტორის ნაწილის საყიდლად ჩავიდნენ....
„ქ. ქუთაისში მივედით მაღაზიაში, სადაც ტრაქტორის ნაწილი ვერ ვიშოვეთ.“
დ.ძ.-ს ჩვენების მიხედვით, მათი ქუთაისური ვოიაჟი აქ მთავრდება.
„არანაირი შეხება აღნიშნულ ფაქტთან არ მქონია. (საუბარია ტერორისტული აქტის მომზადებაზე.ავტ.) ამას ვუხსნიდი იმ ოთხ პიროვნებას, მაგრამ მათ ჩემი არ ეჯერათ. ამის შემდეგ საშუალო სიმაღლის მამაკაცი, რომელიც ყველაზე აქტიური იყო გავიდა დერეფანში და დაელაპარაკა სავარაუდოდ ერთერთ მამაკაცს. დაახლოებით 20-30 წუთში მოიყვანეს მეხუთე მამაკაცი, ისიც ნიღაბში იყო. ხმაზე ვიცანი, რომ განსხვავებული ხმა ჰქონდა და მივხვდი, რომ ის ოთხიდან ერთ-ერთი არ იყო და სხვა პიროვნებას წარმოადგენდა. როცა მეხუთე მამაკაცი ოთახში შემოიყვანეს, მე უკვე მაგიდაზე ვყავდით გადაწვენილი მკერდით , რის შემდეგაც წებოვანი ლენტით, ე.წ. „სკოჩით" დამაკრეს მაგიდას ისე, რომ მოძრაობის საშუალება არ მქონდა. ამასთან, ამ დროისთვის მე გაშიშვლებული ვიყავი თავიდან ბოლომდე, საცვალიც კი არ მეცვა.
მე მაგიდაზე დამაკრეს საშუალო სიმაღლის მამაკაცის მოთხოვნით და მისი უშუალო მითითებით. ფეხები იატაკზე მქონდა, „სკოჩი“ კი, ხელებზე და წელზე მრავალგზის მქონდა შემოხვეული.
შემოსასვლელ კარებს ვერ ვხედავდი სახით კედლის მხარეს ვიყავი. მეხუთე მამაკაცის მოყვანის შემდეგ საშუალო სიმაღლის მამაკაცმა მითხრა, ახლა ნახავ რაც მოგივა, ეს კაცი უკანა ტანში სასქესო ორგანოთი გაგაუპატიურებსო. ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი და მართლაც მომიახლოვდა ის მეხუთე მამაკაცი და სასქესო ორგანოთი ცდილობდა ჩემს გაუპატიურებას უკანა ტანში. მაგრამ, სასქესო ორგანო ერეგირებული არ იყო. მე მოძრაობის საშუალება არ მქონდა დაკრული ვიყავი მაგიდაზე. ცოტა ხანში მეხუთე მამაკაცი მომშორდა და ის პიროვნებები, ვინც მე იმ ოთახში მიმიყვანა, მეუბნებოდნენ ახლაც არ იტყვი, რომ შენც მონაწილეობდი ტერორისტული აქტის მომზადებაშიო. აღნიშნულზე მე ვპასუხობდი, რომ ყველაფერი სიმართლე ვუთხარი და მათთვის არაფერი დამიმალავს. ამის შემდეგ ჩემი უკანა ტანში გაუპატიურების მცდელობა განმეორდა კიდევ სამჯერ და ყოველი განმეორების შემდეგ მეუბნებოდნენ, რომ მეღიარებინა, რომ მეც ტერორისტი ვიყავი. ამის შემდეგ არ იკმარეს უკანა ტანში ჩემი გაუპატიურება და იმ მეხუთე მამაკაცს უთხრეს, რომ მას ჩემი გაუპატიურება განეხორციელებინა პირის ღრუში და მან იმათი მითითება შეასრულა და სცადა მამაკაცის სასქესო ორგანოთი ჩემი პირის ღრუში გაუპატიურება. მე პირს არ ვაღებდი და იმ ოთხი მამაკაციდან რამდენიმე იძულებით ცდილობდა, რომ პირი გამეღო. ამ ყველაფერს ვიდეოგადამღებით, ერთ-ერთი იმ ოთხთაგანი იღებდა, ვინც იმ ოთახში მიმიყვანა. ასევე, გადაღების დროს მანათებდნენ ფანარს, რომ კარგად დაფიქსირებულიყო ეს ყველაფერი. ჩემი წამება თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ისინი ჩემგან ითხოვდნენ არარსებული დანაშაული მეღიარებინა. გამთენიისას, როცა მიხვდნენ რომ მე, მიუხედავად ყველაფრისა რაც გამიკეთეს, არ ვაღიარებდი იმას რაც არ ჩამიდენია, ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ წავეყვანე იმ ოთახიდან. ისევ ამიხვიეს თვალები, ჩამაცვეს ტანსაცმელი და ჩამსვეს მანქანაში და დაახლოებით 30 წუთის სიარულის შემდეგ ჩამომსვეს მანქანიდან, ჩააქრეს მანქანის შუქი, სწრაფად მიაბრუნეს მანქანა და დამტოვეს. როგორც შემდეგ გავარკვიე, ეს ზუგდიდის რაიონის სოფელი ხურჩა იყო.
p.s. მასალა გამოქვეყნებულია საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ 2014 წლის 13 მარტს www.newspress.ge