17-01-2019
რუსეთის ტელეკომპანიის «ТВ Мир-24»-ის მიერ ეთერში გადაცემულ ვიდეორეპორტაჟში საუბარია საქართველოს ერთ-ერთი მთიანი რეგიონის - რაჭის ტურისტულ პოტენციალზე, კერძოდ, კურორტ შოვში მოწყობილ ახალ ღონისძიებაზე, „თოვლის ფესტივალის“ სახელწოდებით, რომელსაც უკვე ასობით თაყვანისმცემელი ჰყავს.
საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ სიუჟეტის ქართულენოვან რეზიუმეს:
„რაჭაში ჩასვლა საინტერესოა იმით, რომ აქ ბავშვობას გაიხსენებ და ეგზოტიკურ ბუნებაში თოვლითაც ითამაშებ. მიტოვებული სანატორიუმის შენობის ტერიტორია დიდ სათამაშო მოედნადაა ქცეული. „ვისაც ზამთარში მზე, მთები და თოვლი უნდა, აუცილებლად რაჭაში უნდა ჩამოვიდეს“, - ამბობს ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე.
კურორტ შოვს, რომელიც რაჭაში მდებარეობს, სულ მალე 100 წელი შეუსრულდება. გასული საუკუნის 1920-იან წლებში მეცნიერებმა აქ სამკურნალო წყლები აღმოაჩინეს. იმ დროიდან საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან ხალხი შოვში მოდიოდა და მკურნალობდა. მთები, ულამაზესი ბუნება, წიწვოვანთა არომატით შეზავებული სუფთა ჰაერი, მინერალური წყლები - აი, კურორტ შოვის ღირსებები. ამ ადგილების ერთ-ერთი თაყვანისმცემელი თვით იოსებ სტალინიც იყო.
„ჩვენ გვინდა, რომ ხელახლა გავაცნოთ შოვის უნიკალური ბუნება როგორც ქართველებს, ასევე უცხოელ ტურისტებს. მე თვითონ აქაური ვარ. ბევრმა არ იცის, რომ შოვში შეიძლება უფრო უკეთესად დაისვენო, ვიდრე სხვა კურორტებზე“, - ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი მალხაზ მეტრეველი.
ვიდეორეპორტაჟში აღნიშნულია, რომ ფესტივალის დამსწრეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შესრულებულ ცეკვებს და სიმღერებს და მასში თვითონაც მიიღონ მონაწილეობა. იქვეა ქართული ტრადიციული სამზარეულოც...
„შოვში თოვლი მხოლოდ აპრილში დნება. რაჭველები დარწმუნებულნი არიან, რომ სეზონის დასრულებამდე კიდევ რამდენჯერმე მოასწრებენ სტუმრების მიღებას თოვლის ფესტივალზე“, - აღნიშნულია ტელესიუჟეტში.