გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოკუპირებულ გალის რაიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვახტანგ ყოლბაია განცხადებას ავრცელებს

29-01-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია ოკუპირებულ გალის რაიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„ოკუპირებული გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია ქართველებთან მიმართებაში ორმაგ მოქალაქეობაზე საუბრის დროს, სიცრუით მანიპულირების გზას მიმართავს. ღიმილის მომგვრელია იმის თქმა თითქოს, ჩვენი ხელისუფლება დახმარებას უწევს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს აფხაზეთიდან.
დიდ საიდუმლოს ალბათ არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ჩვენ დახმარებას ვუწევთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ ყველა პირს, ვინც საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურებს დახმარებისთვის მიმართავს. საგულისხმოა, რომ აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოსული ადამიანები არავის, არასოდეს გაუბრუნებია უკან. მაშინაც კი, როცა საბუთებთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონიათ. ასეთი დახმარება საკუთარ მოვალეობად მიგვაჩნია და არც ამით თავის მოწონებაა ჩვენი მიზანი. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უანგარო, ხარისხიან, კვალიფიციურ დახმარებას უწევდა და კვლავაც გაუწევს ყველას, ვინც აფხაზეთში კანონიერად ცხოვრობს და ვისაც ამის საჭიროება შეექმნება. რაც შეეხება იმას, თითქოს, საქართველო ომის მდგომარეობაში იმყოფება აფხაზეთთან, როგორც ოკუპირებული გალის რაიონის ადმინისტრაციის „ხელმძღვანელი“ აცხადებს, ამისი დღეს აღარავის სჯერა. უწინარესად, ამ პროპაგანდას არ იზიარებს აფხაზური მოსახლეობა. იგივე შეიძლება ითქვას, სოხუმისა და კრემლის მისამართითაც. საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა აფხაზეთთან წლებია დეკლარირებული აქვს და ამ გზიდან არასოდეს გადაუხვევს.
ამავე დროს, სამშვიდობო პოლიტიკას აფხაზეთთან აღიარებს და მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკური ისტებლიშმენტი და ფართო საზოგადოება, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს, დრო მოვა, აფხაზეთიც გაიზიარებს. ახლა კი სოხუმსა და კრემლს ანტიდასავლური პოლიტიკისა და ომის პროპაგანდა უფრო აწყობს, რომ აფხაზეთის გამალებულ მილიტარიზაციას და ქართული მოსახლეობის ჩაგვრას, გამართლება მოუნახოს.
თითქმის ერთი თვეა გალის მოსახლეობა სოხუმის მიერ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის ტყვეობაშია. მოგონილი კარანტინი, საქართველოში „მძვინვარე“ ღორის გრიპი გამოყენებულია იმ მიზნით, რომ გალში მცხოვრებმა ქართულმა მოსახლეობამ უარი თქვას საქართველოს მოქალაქეობაზე და მიიღოს ე.წ. აფხაზური პასპორტი ენგურზე გადაადგილების სანაცვლოდ.
დღეს ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა უმძიმეს ვითარებაში ამყოფებს გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. არ არის გამორიცხული, ბინადრობის ნებართვით აღჭურვილი ადამიანი, როგორც არაფრის მქონე, დროთა მანძილზე, საერთოდაც გამოიდევნოს საკუთარი სახლ-კარიდან, როგორც უუფლებო მოქალაქე. როგორც ჩანს, ასეთი პოლიტიკური ინსინუაციები და ხრიკები, სოხუმის და კრემლს შორს მიმავალ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის სანაცვლოდ, ეგრეთწოდებული ბინადრობის მოწმობით ვერ გადაიფარება. ხელოვნურად შექმნილმა რთულმა პროცესმა, შესაძლოა, სოხუმი სხვაგვარ ფართომასშტაბიან კრიზისში ჩაითრიოს, რაც, უწინარესად, მათთვისვე იქნება საზიანო.
მოვუწოდებთ სოხუმის გონიერ, მოაზროვნე ადამიანებს, ვისაც გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, ნუ შელახავენ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს, უზრუნველყონ საერთაშორისო სამართლის ნორმების აღსრულება, დროულად მისცენ გალის მოსახლეობას სოციალური და ეკონომიური სიდუხჭირისგან თავის დაღწევის საშუალება და აღადგინონ ჩვეულებრივი მიმოსვლის რეჟიმი ერთადერთი დარჩენილი გადასასვლელიდან, რომელიც დღეისთვის გალის მოსახლეობას გააჩნია. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს კრიზისის დაძლევას, რომელიც დღითიდღე ღრმავდება და ჩვენს მოსახლეობას ხელოვნურად უქმნის ჰუმანიტარული და მორალური კატასტროფის წინაპირობებს. იმედია, გონიერება და საღი აზრი გაიმარჯვებს“- ნათქვამია ვახტანგ ყოლბაიას განცხადებაში, რომელიც ნადარაიას ციტატით მთავრდება:


„საქართველოსთან ორმაგ მოქალაქეობას აფხაზეთის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. ნებისმიერი აფხაზი პოლიტიკოსი-დეპუტატი, რომელიც დააყენებს საკითხს, ორმაგი მოქალაქეობის შემოღებაზე, გახდება პოლიტიკური გვამი. საქართველოსთან, რომელიც ჩვენთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება, არავითარი ორმაგი მოქალაქეობა არ გვექნება. მთელი პრობლემის არსი ის არის, რომ თავის დროზე ამ ადამიანებმა სხვადასხვა მიზეზების გამო, მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა. ერიცხებოდათ პენსიები, სოციალური შემწეობები, სამედიცინო მკურნალობა. საქართველომ პირველი დღიდან ყველაფერი კარგად იცოდა. საქართველომ საკითხი მკაფიოდ განსაზღვრა. ხარ საქართველოს მოქალაქე, შენ ჩვენიანი ხარ. არა ხარ საქართველოს მოქალაქე, მაშინ ჩვენგან არავითარი სოციალური დახმარება არ გეკუთვნის, სამგზის ქართველიც რომ იყო. აი, ასე დააყენეს საკითხი. აფხაზეთიც ასევე სვამს საკითხს. ორმაგი მოქალაქეობა საქართველოსთან არ არის, მაგრამ აფხაზეთმა გასცა ბინადრობის ნებართვა და მობინადრეებს დაუტოვა მიზერული, პატარა სოციალური გარანტია“ - განაცხადა ნადარაიამ.