საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით აჭარაში მოქმედებს 30–მდე ციტრუსის მიმღებ-შემფუთავი საწარმო, სადაც პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება ხდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე დაბა ჩაქვში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შპს TCF GEORGIA-სა და არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა შპს Georgian industrial Asset Management Group-ში ციტრუსის ჩაბარების პროცესს გაეცნენ.
„დავათვალიერეთ სამი მიმღები ქარხანა, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი. გვიხარია, რომ წელს განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნაა ჩვენს ციტრუსზე. გეოგრაფია გაფართოვდა. ძალიან ბევრი ახალი ბაზარი და ქვეყანაა დაინტერესებული ჩვენი ციტრუსით“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ჩაქვში არსებული საწარმო წელს 700 ტონამდე ციტრუსის ნაყოფის მიღებას გეგმავს. აღნიშნულ მიმღებ პუნქტს, 19 დეკემბრის მდგომარეობით, 440 ტონამადე ციტრუსი უკვე ესპორტირებული აქვთ რუსეთის მიმართულებით. შპს TCF GEORGI მიმდინარე წელს გეგმავს 1000 ტონამდე ციტრუსის მიღებას. საწარმომ უკვე 300 ტონა ციტრუსის ექსპორტირება მოახდინა რუსეთისა და პოლონეთის მიმართულებით. იგი სეზონზე მიიღებს და გადაამუშავებს 4000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს, რომლისგანაც კონცენტრირებულ წვენს დაამზადებს. რაც შეეხება შპს Georgian industrial Asset Management Group-ს, ის შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი საიდანაც დამზადდება წვენი, რომელსაც აზიისა და ევროპის ქვეყნებში გაიტანენ.
წყარო: reginfo.ge
http://www.reginfo.ge/economic/item/4301-acharidan-16-300-tona-mandarini-eqsportze-gavida