გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტები ახალმა მერებმა გადაიბარეს

13-11-2017

სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ხუთში დღეიდან მუშაობას ახალი მერები იწყებენ. ბორჯომის მერის ვინაობა კი მხოლოდ გუშინ გაირკვა.


 

ექვსი მუნიციპალიტეტიდან ოთხში: ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, 21 ოქტომბერს არჩეული მერები მუშაობას დღეს, 13 ნოემბერს, დილიდან შეუდგნენ. ახალციხის ახალარჩეული მერი ზაზა მელიქიძე კი მერიაში 16:00 საათისთვის მივა. 

ხუთი მუნიციპალიტეტიდან სამში მერის პოზიციას ახალი სახე იბარებს, ერთში, ადიგენში კი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელად იგივე პირი რჩება, მას უბრალოდ გამგებლის სტატუსი მერის სტატუსით ეცვლება. ზაქარია ენდელაძემ  მერის რანგში მუშაობა უკვე დაიწყო. 
იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები მუნიციპალიტეტში, ამაზე ადიგენში ჯერ არ საუბრობენ.

სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე არ საუბრობს, არც ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე, რომელიც ასევე ახალი სახეა. დღეს იგი მერიის მუშაობასა და თანამშრომლებს გაეცნო: „ჯერ ტექნიკური საკითხებია, ვეცნობი ყველაფერს, რა ცვლილებები იქნება,  არ ვიცი, დრო გვიჩვენებს“.

დილიდან თანამშრომლებს გაეცნო ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანიც. იგი მერიაში საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ჰასმიკ მარანგოზიანმა წარადგინა. უნანიანის წარდგენას პარლამენტში ახალქალაქის მაჟორიტარი ენზელ მკოიანიც ესწრებოდა. 

მუნიციპალიტეტის მერის ამპლუაში  დილიდან დაიწყო მუშაობა ანივარდ მოსოიანმაც, რომელიც ამ დრომდე ნინოწმინდის საკრებულოში განათლების კომისიის თავმჯდომარე იყო.

„ამ წუთებშიც ვხვდები და ვეცნობი თანამშრობლებს, ჯერ ისევ ის შემადგენლობა იქნება, მერე ჩამოვყალიბდებით, ალბათ, ყველაფერზე“, – განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ ანივარდ მოსოიანმა.

რაც შეეხება ახალციხეს, ახლად არჩეული მერი ზაზა მელიქიძე, მერიაში მისვლასა და თანამშრომლებთან შეხვედრას 16:00 საათისთვის გეგმავს.

13 ნოემბრის მონაცემებით, რეგიონში ახალი მერის გარეშე მხოლოდ ბორჯომია, სადაც გუშინ არჩევნების მეორე ტური იყო. უკვე ცნობილია, რომ ბორჯომის ახალი მერი „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ლიპარტია იქნება, რომელიც ასევე ახალი სახეა პოლიტიკაში. ლიპარტია მუშაობას ცესკოს მიერ მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 11 დღეში დაიწყებს. 

ამ დროისთვის, სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომების თარიღი ჩანიშნული არა არის. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, ცესკოში სხდომა დღეს 17:00 საათზეა დანიშნული. ამ სხდომაზე გახდება ცნობილი ახალი საკრებულოების შეკრების თარიღი. 

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდა. რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. 


წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"