გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების აღსრულების პროცესი და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილა

30-11-2020

მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად და მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ ზედმიწევნით აღსრულებას.

კიდევ ერთხელ აღინიშნა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან, სხვა შეზღუდვებთან ერთად, კიდევ უფრო მკაცრად კონტროლდება.

დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე მთავრობის მეთაურს ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1244 ფაქტი გამოავლინა. იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის - 67 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კი 1177 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით, შეზღუდვების ამოქმედებიდან დღემდე შემოწმდა - 10 374 ობიექტი. მათ შორის, წერილობითი ან ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 6177 ობიექტს; დაჯარიმდა 3 ობიექტი; 4194 ობიექტს შეუჩერდა საქმიანობა; „იზოლაციის და კარანტინის წესის“ განმეორებით დარღვევის ფაქტი გამოვლინდა - 1 ობიექტზე.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებული ვითარება და ის ნაბიჯები, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის საწოლფონდის მობილიზების კუთხით იდგმება. ყურადღება გამახვილდა ჟანგბადით მომარაგების პროცესის უწყვეტობის მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობაში და ასევე მარაგების შექმნის თვალსაზრისით ჩართულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულ საოპერაციო შტაბთან ერთად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჟანგბადის შესაძლო დეფიციტის პრობლემა არ დადგება, ვინაიდან პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დახმარება გაეწია ჟანგბადის წარმოებას, სიმძლავრეების გაზრდისა და ახალი დანადგარების დამონტაჟების თვალსაზრისით, ასევე თურქეთში განხორციელდა ჟანგბადის დიდი სიმძლავრის გენერატორების შესყიდვა, რომელთაგან თითო დღეში 1 ტონა ჟანგბადს აწარმოებს. 2 დანადგარი უკვე ჩამოვიდა და დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ჟანგბადით მომარაგების პრობლემა გადაჭრილია. დეკემბრის შუა რიცხვებში თურქეთიდან დამატებით შემოვა 6 დანადგარი საიდანაც 3 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო 3 - თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დამონტაჟდება.

საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა COVAX პლატფორმასთან, სადაც საქართველოს წინასწარი შენატანი უკვე გაკეთებული აქვს. ამავდროულად, პრემიერ-მინისტრის დავალებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან პირდაპირ შესყიდვებზეც მუშაობენ.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 135 584 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 113 986 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1267 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2104 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3857 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6383 პირი.