| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
30-08-2023
დღეს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაკარგულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ თანაუგრძნო იმ მწუხარების გამო, რაც ოჯახის წევრისა და ახლობლის უგზო-უკვლოდ დაკარგვას ახლავს.
მემორიალთან ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ფონდ "მოლოდინისა" და ოჯახური კომიტეტების წევრთა ორგანიზებით და მონაწილეობით ჩატარდა.
ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ნათია ჯანაშვილი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე და სამსახურის თანამშრომლები.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე 1981 წელს, კოსტა რიკაში, ლათინურ ამერიკაში დაარსდა. საქართველოში კი, ამ დღეს, ოფიციალურად, 2003 წლიდან აღნიშნავენ.
საქართველოში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, 2049 სამხედრო და სამოქალაქო პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა; მათი ოჯახები, ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო, გაურკვეველ ვითარებაში, მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან. 2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი_ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე - 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში წარმოებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, სულ მოძიებულია 601 ნეშტი, რომელთაგან 243 ოჯახებს გადაეცათ.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი, მუშაობას, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.