19-09-2025
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ექვს პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელსაც თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდნენ.
გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები: „მდმა", „ალფა-პვპ", „ბუპრენორფინი„ 4-ცმც (კლეფედრონი), და „გამომშრალი მარიხუანა" ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა); 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით); 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა); 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით, (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით); 260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა); 260-ე კვარტა მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩადენილი დიდი ოდენობით); 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა); 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ" და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინათ.
ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე, 14 წლამდე და 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულების ნაწილს პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო ნაწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს.