22-09-2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პლასტიკის პროდუქციის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისეთი მოდელის შემუშავების და დანერგვის აუცილებლობაზე იმსჯელეს, რომელიც დააბალანსებს ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის და ეკონომიკურ ინტერესებს, უზრუნველყოფს რეგულაციების გონივრულ ვადებში დანერგვას და ხელს შეუწყობს როგორც ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ისე კერძო სექტორის მდგრად განვითარებას.
„სამინისტრო აქტიურად მუშაობს ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის რეგულირებაზე, განსაკუთრებით იმ პროდუქციის მიმართ, რომელიც სურსათთან პირდაპირ კონტაქტშია. რეგულაციები ითვალისწინებს როგორც გარემოსდაცვით, ასევე ჯანმრთელობის დაცვის და სურსათის უვნებლობის ასპექტებს. ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განვიხილეთ რეგულაციის სიკეთეები, ასევე მოვისმინეთ ბიზნესის შესაძლო გამოწვევები, ვისაუბრეთ კონკრეტულ დეტალებზე და გონივრულ ვადებზე, რომლითაც შესაძლებელი იქნება ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეტაპობრივად დაწესება”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე გაამახვილეს ყურადღება.
„მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება პლასტიკის გარკვეული პროდუქციის იმპორტის და ბაზარზე განთავსების აკრძალვას. მნიშვნელოვანია, რომ გადასვლა ახალ რეგულაციებზე მოხდეს ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ“, - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა.შპს „ლანჩგრუპის” დირექტორის, ნინო მელაძის განცხადებით, ბიზნესისთვის მარტივი არ იქნება ახალ რეგულაციაზე გადაწყობა.
„ერთმანეთთან მოლაპარაკების გზით, შესაძლებელია რეგულაციის ამოქმედების ვადებზე შეთანხმება. იმპორტიორებისთვის უფრო მარტივი იქნება, ვიდრე მწარმოებლებისთვის, თუმცა დაუძლეველი არაფერია”, - განაცხადა ნინო მელაძემ.აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. საწრუპს, თეფშს და სასმლის მოსარევს მოიხმარს, რაც 3.9 - 5.9 ათას ტონას შეადგენს.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები: სოლომონ პავლიაშვილი, კახა კაკაბაძე, ზურაბ ეზუგბაია და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.