26-09-2025
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც ვაშინგტონში სიკვდილით დასჯის აღდგენას ისახავს მიზნად, ხოლო გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი სიკვდილით დასჯის ამოქმედებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოითხოვს.
„სიკვდილით დასჯა ვაშინგტონში. თუ თქვენ მოკლავთ ვინმეს, ან თუ პოლიციელს მოკლავთ, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს, სიკვდილით დასჯა იქნება და იმედია, ისინი ამას არ გააკეთებენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
პემ ბონდიმ, რომელიც ოვალურ კაბინეტში ტრამპის გვერდით იდგა, განაცხადა: „ჩვენ ამას არა მხოლოდ ვაშინგტონში, არამედ მთელ ქვეყანაში ვითხოვთ“.
როგორც თეთრი სახლის მდივანმა, უილ შარფმა განაცხადა, მემორანდუმი კონკრეტულად ავალებს ბონდისა და კოლუმბიის ოლქის პროკურორს, ჯანინ პიროს, „აღასრულონ სიკვდილით დასჯა ვაშინგტონში, სადაც საქმის მტკიცებულებები და ფაქტები მიუთითებს, რომ სიკვდილით დასჯა უნდა იყოს გამოყენებული“.