27-09-2025
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ხაშურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
„წლის თითოეული დღე მასწავლებლებს გეკუთვნით, რადგან თქვენ ზრდით ჩვენს შვილებს, ქვეყნის მომავალ თაობას. საქმე, რომელსაც თქვენ ასე ერთგულად ემსახურებით, ყველაზე პატრიოტული და მნიშვნელოვანია.
უდიდესი მადლიერება და პატივისცემა მინდა, გამოვხატო თითოეულის მიმართ და გითხრათ, რომ ყოველთვის დაგიდგებით გვერდში და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს თქვენს მხარდასაჭერად“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან ერთად, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი, წარჩინებული მოსწავლეებიც დააჯილდოვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში 27 ოქტომბერს ჩატარდება.