გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ADB საქართველოს ეკონომიკის 2025 წლის პროგნოზს 6%-დან 7%-მდე აუმჯობესებს

30-09-2025

EBRD-ს შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აზიის განვითარების ბანკიც (ADB) ზრდის. ADB-მ ქვეყნის 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აპრილის 6%-დან 7%-მდე გააუმჯობესა. აღნიშნულის შესახებ ADB-ის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის განახლებაში ვკითხულობთ.


პროგნოზის გადახედვა 2025 წლის პირველი ნახევრის მაღალი მაჩვენებლებით არის განპირობებული, რაც შიდა მოხმარების ზრდას უკავშირდება.


2025 წლის პირველ ნახევარში ძლიერი ზრდა შენარჩუნდა დაახლოებით 8.3%-ზე, რაც წინა წლის 9.2%-იან მაჩვენებელთან ახლოსაა.


მიწოდების მხრივ, მომსახურების სექტორი 12.9%-ით გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში 28.6%-იანმა ზრდამ.


აღნიშნული ასახავდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში პროდუქტიულობის ძლიერ ზრდას 2024 წელს დაფიქსირებული 24.3%-იანი ზრდის შემდეგ.


„საქართველოში, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მშენებლობის სფეროში ძლიერმა მაჩვენებლებმა მაღალი განაპირობა, ისევე როგორც ძლიერმა კერძო მოხმარებამ. ტურიზმიდან და ტრანსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ ხელი შეუწყო საგარეო სექტორის გაფართოებას და საქართველოს, როგორც რეგიონში მთავარი სატრანზიტო მარშრუტისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის, მზარდ როლს“, - აღნიშნულია ADB-ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.


ასევე, აშშ-დან და ევროპიდან გადარიცხვების ზრდამ ხელი შეუწყო ფულადი გზავნილების საერთო რაოდენობის 3.5%-ით ზრდას 2025 წლის პირველ ნახევარში, მიუხედავად რუსეთიდან გადარიცხვების 26.5%-ით შემცირებისა. რეინვესტირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი კვლავ საკმაოდ მაღალი – 83.6% დარჩა.


ინფლაციამ 2025 წლის ივნისში წლიურად 4.0%-ს მიაღწია, რაც 2024 წლის ბოლოს 1.9%-ს შეადგენდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთი 8.0%-ზე შეინარჩუნა გარე შოკებისგან თავის დასაცავად და ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად. აშშ დოლარის შესუსტებამ ხელი შეუწყო ლარის 3.5%-ით გამყარებას 2025 წლის პირველ ნახევარში, მაშინ როდესაც ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 3.0%-ის ფარგლებში დარჩა, ხოლო სახელმწიფო ვალი 35.0%-ს შეადგენდა.


საბოლოო ჯამში, 2025 და 2026 წლების ინფლაციის პროგნოზები შენარჩუნებულია.


რაც შეეხება, რეგიონის მაჩვენებლებს ADB-ის პროგნოზი შემდეგია:

სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წელს უცვლელი რჩება და ის ADB-მა 5%-ის დონეზე განსაზღვრა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ის 3,4%-დან 2,4%-მდე შემცირდა.


ცნობისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით 7%-მდე გაზარდა.


აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მეორე გაუმჯობესებაა - პირველად, 2024 წლის სექტემბრის პროგნოზი 4.6-დან 2025 წლის თებერვალში 6%-მდე ანუ +1.4%-ით გაზარდა. შესაბამისად, ჯამურად წლის ჭრილში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.4 პროცენტით გააუმჯობესა. ზრდა განპირობებული იყო საკრედიტო ექსპანსიით, IT და განათლების სექტორების და მომსახურების ექსპორტის ზრდით. 2024 წელს საშუალო 1.1%-ის შემდეგ, ინფლაცია 2025 წლის პირველ რვა თვეში 3.5%-მდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს", - წერს EBRD.