1-10-2025
გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანიიდან ჟურნალისტები, ბლოგერები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ.
ათკაციანი ჯგუფის წევრები ქართლსა და კახეთში ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო, გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიებსა და პროცესს. ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც.
„გერმანიაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, აქტიურად ვმუშაობთ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან. საქართველოში ჩამოვიყვანეთ როგორც ღვინოზე სპეციალიზებული, ასევე ცხოვრების სტილსა და მოგზაურობის თემებზე მომუშავე ჟურნალისტები. გვყავს ინფლუენსერები, რომლებიც ქმნიან კონტენტს და გამომწერებს საქართველოს გაცნობის შესაძლებლობას აძლევენ. ვიზიტის დროს, ვნახეთ ბევრი რამ უშუალოდ ღვინის საწარმოებს მიღმაც - ყოველდღიურობა და ქართული კულტურა. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჟურნალისტებისა და ინფლუენსერებისთვისაც. მეღვინეობები მართლაც საოცარია, შესანიშნავია ქართული ღვინოები და ქართული სამზარეულო“, - აღნიშნა „ff.k Public Relations“-ს კონსულტანტმა, სვენია მეირინგმა (Svenja Meiring).
ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.