11-10-2025
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ტურისტული სექტორის ხელშეწყობის მიზნით, ტუროპერატორებისთვის კახეთში საინფორმაციო ტური გამართა.ტუროპერატორებს რეგიონში შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ტურის ფარგლებში, ტუროპერატორებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ლევან კახთა მეფის აშენებულ ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ახლადგახსნილი ეთნო - ტურისტული კომპლექსი „წინაპარი“ დაათვალიერეს.
ახალი ტურისტული კომპლექსი ბევრ სივრცეს აერთიანებს. ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ვიზიტორთა მისაღებად მოწყობილია 30 სტუმარზე გათვლილი ეთნო კოტეჯი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, სპორტული დარბაზი.
კომპლექსში 300 კაციანი საკონფერენციო სივრცე და 200 კაცზე გათვალისწინებული საბანკეტო დარბაზია.
ტურისტულ კომპლექსში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის ქართული სამზარეულოს მასტერკლასები ტარდება, გალავნის ღია სივრცეში მოწყობილ ტრადიციულ ეთნო სამზარეულოში, ტრადიციული მეთოდით, შუა ცეცხლსა და ქვაზე მზადდება კერძები.
ციხე-გალავნის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული მარანი, სადაც ერეკლე II-ის დროინდელი ქვევრებია განთავსებული. ვიზიტორებსსაშუალება აქვთ 300 წლიან ქვევრში დაყენებული ღვინო დააგემოვნონ.
კომპლექსში მდებარეობს ქართული ტრადიციული სამჭედლო, სადაც მჭედლები და მეიარაღეები სტუმრებს აცნობენ ძველ ქართულ ეთნო მჭედლობას, მის ისტორიას, მიმართულებებს. თუ როგორ იჭედებოდა ძველ საქართველოში ხანჯალი, ნალი და ა.შ.
საინფორმაციო ტურის ფარგლებში, ტუროპერატორებმა უძველესი ნასოფლარი - ვეძიხევის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც უძველესი IX-X საუკუნის ტაძრები მოინახულეს.
ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინფოტურებს მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ატარებს. საინფორმაციო ტურების მიზანია, შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი ობიქტები და შედარებით უცნობი ადგილები მოინახულონ და ტუროპერატოებმა მარშრუტების გათვალისწინებით, ქართველ და უცხოელ მოგზაურებს ტურისტული პაკეტები შესთავაზონ.