14-10-2025
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში გაიმართა.
სეულში გამართული ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს, დეგუსტაციას და ქართული ღვინის ფესტივალს 400 მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის, მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ.
ქართული ღვინის მასტერკლასი კომპანიის „Wine21.com” აღმასრულებელმა დირექტორმა მიკი ჩოიმ და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა მიხეილ თიგიშვილმა გახსნეს.
ღონისძიების სტუმრებს ქართული ღვინის ისტორიისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის კოორდინატორმა მარიამ მეტრეველმა წარუდგინა.
ქართული ღვინის მწარმოებელმა ათამდე კომპანიამ ინდივიდუალური პრეზენტაციები და სხვადასხვა დასახელების ღვინო წარადგინეს.
ღონისძიების მეორე ნაწილში, ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანიის მიერ, ადგილობრივი იმპორტიორების, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებისა და სომელიეებისთვის დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი ქართული ღვინის ფესტივალით დასრულდა, რომელიც მოიცავდა საზეიმო მიღებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, დარგის ადგილობრივი ექსპერტების, ჟურნალისტებისა და ინფლუენსრებისთვის, ასევე ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებულ საინფორმაციო აქტივობებს.
აზიის რეგიონში, კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. კორეის რესპუბლიკაში მსგავსი ფორმატის ღონისძიება მეოთხედ ჩატარდა.
სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Wine21.com”, კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ. კომპანია ასევე ახორციელებს PR და მარკეტინგულ საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა ,,Seoul International Wine and Spirits Expo“ და "Daejeon International Wine Festival".