გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა

14-10-2025

2025 წლის 14 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები გაიზიარა და შედეგად, რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა, - ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.


„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ საქმეზე, 2024 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს დაეკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის ფონზე მიმდინარეობს.


დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეების ლოგიკური გაგრძელებაა. „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ ე.წ. დეპორტირებულების საქმეში, რომელიც რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა, სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაციისა და მათ მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო რუსეთის ფედერაციას 10 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. ასევე, საზოგადოებისათვის ცნობილია გადაწყვეტილება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ ე.წ. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, რომლითაც აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევებისთვის რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.


მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება.


აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მადლობას უხდის მტკიცებულებების შეგროვებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს და სრულიად საქართველოს ულოცავს ამ ისტორიულ გამარჯვებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.