21-10-2025
„ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის წარმოადგენს სტრატეგიულ ეტაპს ორმხრივ ურთიერთობებში. ვაჭრობის ლიბერალიზაციის მიღმა, შეთანხმება ქმნის საფუძველს, უფრო ღრმა და მრავალფეროვანი თანამშრომლობისთვის არაბეთის გაერთიანებული საამიროების ინსტიტუტებთან რამდენიმე პრიორიტეტულ სექტორში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
საამიროების გამოცემა Gulf News - სთან ინტერვიუში მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ვითარდება, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბი, ხოლო ქვეყნის ეროვნული ფართოზოლოვანი განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს მონაცემთა ცენტრებისა და შავი ზღვის წყალქვეშა ციფრული კორიდორების შექმნას.
„მოხარულები ვიქნებით, თუ არაბეთის გაერთიანებული საამიროები და საქართველო აქტიურად ითანამშრომლებენ ციფრული ტრაფიკის გაცვლის მიმართულებით, რათა ევროპა და აზია ჩვენი ტერიტორიების გავლით დაუკავშირდნენ ერთმანეთს. გარდა ამისა, საქართველოს მიმზიდველი საგადასახადო რეჟიმი IT კომპანიებისთვის და ახალგაზრდული, მრავალენოვანი სამუშაო ძალა გვაქცევს იდეალურ პარტნიორად რეგიონული ტექნოლოგიური განვითარებისათვის," - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ინტერვიუში ასევე გაამახვილა ყურადღება ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სექტორში. მისი თქმით, ამ მიმართულებით არაბეთის საამიროები უკვე წარმოდგენილია საქართველოში — Masdar-ისა და საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ფონდის თანამშრომლობის გზით, რომელიც საქართველოში მზის ენერგიის განვითარებას უწყობს ხელს.