23-10-2025
„6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია - ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ის მაქსიმუმი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კონტრიბუციის სახით მიიღებს. უპირველესად, ეს არის უპირობო დემონსტრირება, თუ რამხელა ნდობა აქვს ასეთი მასშტაბის მქონე კომპანიას ჩვენი ქვეყნისადმი, მისი ეკონომიკისადმი, მდგრადი და სტაბილური განვითარებისადმი, როგორიც „იგლ ჰილსი" და „ემაარია" - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ხელშეკრულების შეფასებისას განაცხადა, რომელიც აბრეშუმის გზის ფარგლებში კომპანია "იგლ ჰილსთან" გაფორმდა.
დოკუმენტის მიხედვით, ჩამოყალიბდება ერთობლივი კომპანია, სადაც საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. "იგლ ჰილსი" თბილისსა და გონიოში, ჯამურად, 6,6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს.
„ამ ინვესტიციას ექნება უდიდესი პოზიტიური გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ყოველწლიურ ზრდაში, ის ასევე შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს როგორც გონიოში, ისე დედაქალაქში. ამასთანავე, ეს იქნება ორი ახალი დანიშნულების ადგილი, რომელსაც უდიდესი როლი ექნება ჩვენი ქვეყნის დეველოპმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში. მისასალმებელია, რომ ამდენ ქვეყანას შორის „ემაარ ჯგუფმა,"„იგლ ჰილსმა" გადაწყვიტა, რომ საქართველოა ნამდვილად ის ქვეყანა, სადაც მათ სურთ ინვესტიციის განხორციელება და ჩვენი ქვეყანა გახდა მათი პარტნიორი" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.